26 იანვარს რუანდის მიერ მხარდაჭერილმა ამბოხებულებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ყველაზე დიდი ქალაქის შემოგარენში შესვლა დაიწყეს, რამაც გაეროს თქმით, ქალაქ გომის 2-მილიონიან მოსახლეობაში "მასობრივი პანიკა" გამოიწვია, ხოლო კონგოს მთავრობამ მომხდარს "ომის გამოცხადება" უწოდა.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კონგოში განაცხადა, რომ დახურული აეროპორტისა და გადაკეტილი გზებიდან გამომდინარე ისინი ქალაქში "ჩაკეტილები" არიან.
Associated Press-ის ცნობით, 23 მარტის მოძრაობის (M23) ამბოხებულთა შეიარაღებული დაჯგუფების იერიში რეგიონში აფრიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის მკვეთრი გაუარესების საფრთხეს ქმნის, რასაც, დიდი ალბათობით, დამატებითი უბედურება მოჰყვება მაშინ როცა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი დგას და მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია.
25 იანვარს კონგომ ურთიერთობა შეწყვიტა რუანდასთან, რომელიც უარყოფს M23-ის ამბოხებულების მხარდაჭერას. ამასთანავე, ბოლო კვირის მანძილზე გახშირებულ ძალადობას, სულ მცირე, 13 მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა, ხოლო კონგოს მოსახლეობა ძალადობისგან თავის არიდებას გაქცევით ცდილობს.
M23-მა ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად წაიწია წინ კონგო-რუანდის საზღვარზე მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში მშვიდობის დამყარების რეგიონული მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. 26 იანვარს ამბოხებულებმა კონგოს არმიას მოუწოდეს, რომ იარაღი დაყარონ და ადგილობრივ სტადიონზე დილის 3 საათისთვის გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქალაქის აღებით დაიმუქრნენ.
გაეროს სპეციალური წარმომადგენლის თქმით, კონგოს შეიარაღებული ძალებისადმი გაეროს მშვიდობისმყოფელების მხარდაჭერის მიუხედავად, M23 და რუანდას ძალები ქალაქ გომის შემოგარენში, მუნიგის სამეზობლოში, შევიდნენ, რამაც "მასობრივი პანიკა" გამოიწვია. აღნიშნული სამეზობლო ქალაქ გომიდან 9 კილომეტრის დაშორებითაა.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ M23-ის მებრძოლები იერიშის დროს მცხოვრებლებს "ცოცხალ ფარად" იყენებენ.
ამავდროულად, აშშ-მ და საფრანგეთმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდეს და რუანდას M23-ისადმი მხარდაჭერის შეწყვეტა სთხოვეს.





