სერბეთში ადვოკატებმა სტუდენტების პროტესტის მხარდასაჭერად 30 დღით გაფიცვა გადაწყვიტეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადვოკატთა ასოციაცია, რომელმაც საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, 12 000-მდე ადვოკატს აერთიანებს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატები საპროტესტო აქციების ძირითად მოთხოვნებთან ერთად, იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პროკურატურის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის გადადგომასაც ითხოვენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სერბეთის ადვოკატთა ასოციაციის ასამბლეის წევრები გაფიცვის პერიოდის განმავლობაში "არ შევლენ ან არ დარჩებიან სასამართლოების, პროკურატურების, პოლიციის და/ან ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში; არ დაესწრებიან სასამართლო სხდომებს და ძირითად განხილვებს, არ წარდგებიან პროკურატურის წინაშე საგამოძიებო პროცესების ფარგლებში, არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამართლებრივი დევნის გადავადების ან ბრალის აღიარების შესახებ შეთანხმების საკითხებზე, ასევე, არ გამოცხადდებიან სამართალდამცველების წინაშე წინასასამართლო პროცესებში".
გამოცემა Balkan Insight-ის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ადვოკატები საკუთარ მოვალეობას არ შეასრულებენ იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ბრალდებულები პატიმრობაში იმყოფებიან, რაც პრაქტიკულად სერბეთის მთელი სასამართლო სისტემის პარალიზებას გამოიწვევს.
ბელგრადში საპროტესტო დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
28 იანვარს სერბეთის პრემიერმინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი ანტისამთავრობო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა.
მომდევნო დღეს, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ მმართველი პარტია მომდევნო 10 დღეში შეეცდება ახალი მთავრობის ფორმირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
პარალელურად, სერბეთის ქუჩებში საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებმაც სტუდენტები, მასწავლებლები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები გააერთიანა. მომიტინგეები რკინიგზის სადგურზე მომხდარ ტრაგედიას პოპულისტი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობაში არსებულ კორუფციას აბრალებენ.





