28 ივნისს სერბეთში სამართალდამცავებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა.
ასობით პოლიციელი ბელგრადში სამთავრობო შენობებისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მობილიზებული, სადაც სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდამჭერები კონტრაქციის ჩასატარებლად შეიკრიბნენ.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ზოგიერთი დემონსტრანტი ვუჩიჩის მხარდამჭერებთან დაპირისპირებას ცდილობდა და სამართალდამცველებს ბოთლებს და ქვებს ესროდა.
დედაქალაქის რამდენიმე უბანში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ძალა გამოიყენა.
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დრაგან ვასილიევიჩის თქმით, სამართალდამცველებმა რამდენიმე ათეული დემონსტრანტი დააკავეს, ხოლო შეტაკებების დროს ექვსი პოლიციელი დაშავდა.
ვუჩიჩმა Instagram-ზე დაწერა, რომ დემონსტრანტებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს. "მათ სურდათ სერბეთის დამხობა და მათ ეს ვერ შეძლეს". - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
მანამდე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ პროტესტის უკან უცხო ქვეყნის ძალები დგანან.
პროტესტის დაწყებამდე, პოლიციამ დაახლოებით ათი ანტისამთავრობო აქტივისტი დააკავა და მათ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და ტერორიზმში დასდო ბრალი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩის თქმით, პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად ყველა საჭირო ზომას გაატარებს.





