ტრამპის ადმინისტრაცია

მექსიკის პრეზიდენტი: აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფებსა და არასატარიფო შეზღუდვებს ვაწესებთ

მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მექსიკისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მექსიკა საპასუხო ზომებს მიიღებს. 

შეინბაუმს არ დაუკონკრეტებია, რას ნაბიჯებს გადადგამს მექსიკის მთავრობა, თუმცა დაწერა, რომ ეკონომიკის მინისტრს უკვე დაავალა წინასწარ მომზადებული "გეგმა ბ"-ს აღსრულება. 

"მე დავავალე ეკონომიკის მინისტრს, აღასრულოს ჩვენი შემუშავებული გეგმა ბ, რომელიც გულისხმობს, როგორც ტარიფებს, ასევე სხვა არასატარიფო მექსიკის ინტერესების დასაცავად" – წერს შეინბაუმი.

1-ელი თებერვლიდან აშშ-მ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადას, მექსიკასა და ჩინეთს - ტარიფებს დაუწესა. ორი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ 25-25%-იან ტარიფები, ხოლო ჩინეთის წინააღმდეგ10%-იანი ტარიფი დააწესა.

ტრამპმა ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების მუქარის ხშირი გამოყენება დაიწყო, რისი პირველი სამიზნეც კანადა და მექსიკა გახდნენ. ტრამპმა გამოაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან მეზობელი ორი ქვეყნის წინააღმდეგ 25%-იან ტარიფს დააწესებს, არალეგალური იმიგრაციისა და საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდის გადატანის მხრივ არსებული პრობლემების გამო.

30 იანვარს ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით განმეორებით დაემუქრა BRICS-ის წევრ ქვეყნებსაც, მათ შორის, ბრაზილიას, რუსეთის, ინდოეთსა და ჩინეთს, თუკი ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან.

ტარიფების მუქარა აშშ-ს პრეზიდენტმა ჩინეთის წინააღმდეგაც გამოიყენა, რადგან იგი მიიჩნევს, რომ აშშ-ში ფენტანილის კონტრაბანდის აღკვეთის მხრივ ჩინეთი საკმარის ძალისხმევას არ დებს. ტრამპი ტარიფებით დაემუქრა დანიასაც, თუ მისი მთავრობა აშშ-სთვის გრენლანდიის დათმობაზე არ დათანხმდებოდა.

მან ასევე ტარიფების მუქარას მიმართა კოლუმბიის წინააღმდეგაც, როდესაც პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უარი თქვა აშშ-დან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.

პეტროს მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ტრამპმა ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, ხოლო ქვეყნის მთავრობის წევრების, ასევე მათი მხარდამჭერებისა და ოჯახების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გააუქმა, რაც ორივე მხარე კოლუმბიელი მიგრანტების აშშ-დან დეპორტაციის პროცესზე შეთანხმდა.

კომენტარები