რუსული რეჟიმი

დედაჩემს დაუწყეს ჯაჯგური, წაართვეს ტელეფონი – ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულდა

ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ადმინის, ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულდა. აქტივისტი მის სახლში საპოლიციო მოქმედებებს ჯგუფ დაიტოვეში გამოქვეყნებულ აქციის ანონსს უკავშირებს. ნენსი ვოლანდის თქმით, პოლიციამ ჩხრეკის დროს პოლიციელებმა დაუწყეს ჯაჯგური და  წაართვეს ტელეფონი. 

"[მას შემდეგ გავხდი ცუდად, რაც დავინახე], რომ ჩხრეკის დასრულების შემდეგ დედაჩემს, რომელიც ვიდეოს მიღებდა, ორმა ძალიან მაღალმა ადამიანმა  დაუწყო ჯაჯგური. დედაჩემს აქვს წელის პრობლემა და ცუდად გავხდი ამაზე, რამე არ დამართონ-მეთქი. დამეწყო პანიკური შეტევა. 

ჩხრეკის დასრულების შემდეგ, როდესაც დედაჩემმა დაინახა, რომ უცხო პირი იყო სახლში შემოსული, რომელმაც არ წარგვიდგინა საბუთები, ვიდეოს რომ იღებდა, ტელეფონი წაართვეს. დიდი ხანი არ აძლევდნენ, ცდილობდნენ ტელეფონის გახსნას, რათა წაეშალათ ის ვიდეო, რაც გადაიღო. 

[...] 7-8 ცალი პლედი ამოიღეს. საქართველოს დროშის წაღება უნდოდათ.

[...] უკვე მეორე ტელეფონი წაიღეს ჩემი. პირველი ტელეფონი დღემდე არავის მოუტანია და ახლა კიდევ მეორე ტელეფონი წაიღეს, ასევე წაიღეს აიპადი, რომლითაც ვხატავ და მჭირდება.

ვუკავშირებ აქციას, რომლის ივენთიც დაიდო "დაიტოვეში". აქცია ორგანიზებულია მოქალაქეების მიერ და დარწმუნებული ვარ, მათ კიდევ უფრო დიდი პროტესტი გაუჩნდებათ ამის მერე" - ამბობს ნენსი ვოლანდი TV პირველთან. 

შსს-მ დღეს ჩხრეკები სხდასხვა ლოკაციაზე ჩაატარა. გაჩხრიკეს ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლების ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის სახლები. 

აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის სახლშიც დღეს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

კომენტარები