ტექნოლოგიური კომპანია Meta-ს პლატფორმა WhatsApp-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მათი მომხმარებლები ისრაელური ჯაშუშური კომპანია Paragon Solutions-ის სამიზნეები გახდნენ, მათ შორის, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც.
მაღალჩინოსნის თქმით, ჰაკერული შეღწევის შემდეგ WhatsApp-მა Paragon-ს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების გაგრძელების შეჩერების ბრძანება გაუგზავნეს.
გამოცემა Reuters-თან WhatsApp-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმის მცდელობა დაახლოებით 90-მდე მომხმარებლის წინააღმდეგ აღმოაჩინეს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ გახდა თავდასხმის სამიზნე, თუმცა დაამატა, რომ სამიზნეები ათეულობით ქვეყანაში, მათ შორის, რამდენიმე ევროპაშიც, იმყოფებოდნენ.
Reuters-ის მიხედვით, Paragon-ის მსგავსი კომპანიები მაღალგანვითარებულ ჯაშუშურ პროგრამებს მთავრობებზე ყიდის, თუმცა მსგავსი ჯაშუშური პროგრამები ხშირად ყოფილა აღმოჩენილი ჟურნალისტების, აქტივისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და, სულ მცირე, 50 ამერიკელი მაღალჩინოსნის ტელეფონებზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი დირექტორი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე წერს, რომ "ამგვარ ჯაშუშურ პროგრამას მობილურ ტელეფონში ან კომპიუტერში მოხვედრისას წვდომა აქვს მიმოწერაზე, ინფორმაციაზე, ხმოვან, ვიდეო და ფოტო ფაილებზე, ასევე, ახდენს გადაადგილების თრეკინგს და კამერისა და მიკროფონის გააქტიურებას".
"სამიზნე ჯგუფი, არსებული მონაცემებით არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები არიან. ასეთ პროგრამებს, როგორც წესი, მწარმოებლები სახელმწიფო სააგენტოებს მიაწვდიან ხოლმე, ტერორიზმთან და კრიმინალთან ბრძოლის მიზნით, თუმცა, ხშირია პროლიფერაციის შემთხვევები". - წერს გოცირიძე.
WhatsApp-ის მომხმარებლებს იგი ურჩევს, რომ "მოვერიდოთ მგრძნობიარე მიმოწერას და, განსაკუთრებით, მგრძნობიარე ფაილების გაგზავნას WhatsApp-ის მეშვეობით. განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ უცნობი ან ნაცნობი ჩატებიდან pdf ფაილების ჩამოტვირთვას, რადგან ეს ვირუსი ჯგუფებში ამგვარი ფაილების დაგზავნით გავრცელდა".





