ჰაკერული თავდასხმა

პროსერვისი: კიბერშეტევის შედეგად გათიშული ყველა საიტი აღდგა

კომპანია პროსერვისის განცხადებით, მათ ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი აღდგა. 28 ოქტომბრის კიბერთავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოსული იყო პროსერვისის 15 000-მდე ვებგვერდი. 

"პრობლემის აღმოჩენისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო „პროსერვისის“ ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი. კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს" - აცხადებს პროსერვისი და აღნიშნავს, რომ "ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია".

"თუმცა მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. კომპანია „პროსერვისი“ დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში.

ჰაკერული თავდასხმა საქართველოს სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე, ასევე, კერძო საიტებზე მოხდა. გვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით - "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას. უწყების განცხადებით, "შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე რომელიმე უცხო ქვეყნიდან".

კომენტარები