ჰაკერული თავდასხმა

გომელაური: ნუ ახლა, ძალიან სერიოზული ქვეყნების საიტებს ტეხავენ და საქართველოს თემა...

საქართველოს მთავრობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კიბერ შეტევა ყველა ქვეყანაში ხდება. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს.

"ეს ყველა ქვეყანაში ხდება, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. ეს 21-ე საუკუნის მძიმე მიმართულებაა ერთ-ერთი. იყო რა თქმა უნდა შეტევა და მუშაობენ უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად, ასევე ჩვენი პარტნიორები არიან ჩართულები საზღვარგარეთიდან, მეგობრები და ვფიქრობთ, ალბათ გავლენ ბოლოში და ნახავენ, თუ საიდან", - ამბობს გომელაური.

ჟურნალისტების კითხვას, ვისი პასუხისმგებლობაა, რომ მონაცემები დაცული იყოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხობს, რომ როგორც შსს-ს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. თუმცა, ვახტანგ გომელაური აღნიშნავს, რომ "ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ".

"ის რომ დაცული იყო თუ არა, ნუ ეხლა, ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ და შედიან და ახლა საქართველოს თემა... სპეციალისტები მუშაობენ და ჯერ არაფერი არ უთქვამთ, მერწმუნეთ", - ამბობს გომელაური.

საქართველოს სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებსა და კერძო საიტებზე 28 ოქტომბერს კიბერ-თავდასხმა მოხდა. გვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. კომპანიის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 15 000-მდე ვებგვერდი გამოვიდა წყობიდან. 

გარდა ამისა, ტელეკომპანიები "იმედი" და "მაესტრო" ეთერში ვერ გადიოდნენ, რასაც ზემოაღნიშნულ კიბერშეტევას უკავშირებდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას.

უწყებამ 29 ოქტომბერს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ "შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე რომელიმე უცხო ქვეყნიდან".

კომენტარები