ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

რას ნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოცნების დელეგაციისთვის მუშაობის შეჩერება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 29 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ქართულ ოცნებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მკაფიოდ მოუწოდა, აპრილამდე ოცნების დელეგატებს მუშაობა და კომიტეტებზე დასწრება შეუჩერა, ხოლო უფლებამოსილების რატიფიცირებასაც, რაზეც ოცნების პროპაგანდა მთავარ იმედებს აგებდა, მნიშვნელოვანი დათქმები დაურთო. რეზოლუცია დიდი უპირატესობით, 114 მომხრითა და 13 მოწინააღმდეგით, დამტკიცდა. ხოლო 7-მა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

თუმცა, ოცნების დელეგაციის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ მიღებული რეზოლუციის გამო ისინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ, თავისთავად მიანიშნებს, რომ რეჟიმი აღნიშნული პირობების შესრულებას არ აპირებს.

ევროსაბჭოში ქართული ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ევროპის სახალხო პარტიის წევრის ბორიანა აბერგის მიერ შეტანილი სარჩელის შემდეგ დადგა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და საქართველოში დემოკრატიული წესრიგის ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს".

ასამბლეაზე წარგზავნილი ქართული ოცნების დელეგაცია მიზნად ისახავდა, რომ "უფლებამოსილების რატიფიცირება" საკუთარ ამომრჩევლებში გამარჯვებად წარმოეჩინათ, რა ნარატივიც ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ რეზოლუციის მიღების შემდეგ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხ TV იმედზეც გააგრძელა, როდესაც თქვა, რომ თითქოს დელეგაციის უფლებამოსილების დამტკიცებით ევროსაბჭოზე "არჩევნების შედეგები აღიარეს".

თუმცა, დათქმები, რომელიც რეზოლუციაში დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიკაციას დაერთო, აპრილამდე ახალი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გამოშვებას ითხოვდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების გაუქმებას გულისხმობდა.

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არჩევნები კი არ აღიარა, არამედ შეეცადა, რომ გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ერთადერთი ქმედითი ბერკეტი, ეს არის უფლებამოსილების ცნობის საკითხი და დაუყენა კონკრეტული პირობა, ეს არის ახალი არჩევნების გამოცხადება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, და ცალკე აღსანიშნავია, რომ ამ ფორმულირებით დადგა ეს საკითხი, რომ, ასე იგი, PACE თვლის, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ყველა ისინი უნდა გათავისუფლდნენ აპრილამდე" - ამბობს პოლიტოლოგი გიორგი კანდელაკი ტაბულასთან გაკეთებულ კომენტარში.

"უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები, არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია". - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს ასამბლეის პლენარული სხდომის შემდეგ და გამოაცხადა, რომ ქართული ოცნება "საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს".

რეზოლუციის მიღების შედეგად, ჩაიშალა ქართული ოცნების პროპაგანდის მცდელობები, რომ უფლებამოსილების რატიფიცირება გამარჯვებად წარმოეჩინათ. ვინაიდან რეზოლუციაში განსაზღვრული დათქმების შესრულება ოცნების გადმოსახედიდან დამაზიანებელი და შეუსაბამო იქნებოდა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებთან, ივანიშვილის წარმომადგენლებმა უკვე ნაცად მეთოდს მიმართეს და მაგიდის აყირავებით ერთგულ მხარდამჭერებთან კვლავ განავითარეს ის პროპაგანდისტული ნარატივი, რომ დასავლეთი მათ წინააღმდეგ "უსამართლო" ბრძოლას განაგრძობს.

ცხადია, ეს ახალი სტრატეგია არ არის. იგივე მეთოდს მიმართა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, როდესაც 28 ნოემბერს თქვა, რომ ოცნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარს 2028 წლამდე ამბობდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კობახიძემ იმედის ეთერში ხაზგასმით თქვა, რომ PACE-ის დატოვების მიუხედავად, საქართველო ევროსაბჭოში კვლავ რჩებოდა. ეს მიანიშნებს, რომ მუდმივი ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმი მაინც ცდილობს ევროსაბჭოს მსგავსი ორგანიზაციების ან ინსტიტუტების მეშვეობით ლეგიტიმაცია მოიპოვოს ან, სულ მცირე, ამ მხრივ საკუთარ მხარდამჭერებში ბუნდოვანება შეინარჩუნოს. 

ევროსაბჭოს, და მაშასადამე საპარლამენტო ასამბლეის, წევრი საქართველო 1999 წლიდან გახდა და მას შემდეგ საქართველომ აღნიშნული ორგანიზაცია მრავალჯერ გამოიყენა საკუთარი ეროვნული ინტერესების სასიკეთოდ.

გარდა იმისა, რომ PACE-ში წევრობა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ ერთგულებას გულისხმობს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ასამბლეა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენდა დიპლომატიური და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მხრივაც.

ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო PACE-ის როლი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართული მხარის ძალისხმევაში, რათა ევროსაბჭოს რეზოლუციაში კონსენსუსი ყოფილიყო იმაზე, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, რომ რუსული ჯარები საქართველოდან უნდა გავიდნენ და ასევე იმაზეც, რომ ომში ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა. ცნობისთვის, სწორედ ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ დატოვა სხდომის დარბაზი PACE-ში რუსეთის დელეგაციამ.

ამის გათვალისწინებით, ოცნების მხრიდან PACE-ის დატოვება მორიგი მაგალითია, თუ რამდენად არის მზად ქართული ოცნება, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასავლეთისგან იზოლაცია, საქართველოს მოკავშირეებთან დაპირისპირება და ქვეყნის საერთაშორისო პოზიციის დასუსტება გააგრძელოს.

"ეს რეზოლუცია არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ერთი დადებული აგური, რამაც გააღრმავა ქართული ოცნების საერთაშორისო იზოლაცია და ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვა ახალ არჩევნებამდე [...] სინამდვილეში მათ ძალიან სჭირდებოდათ ამ ინსტიტუტის ლეგიტიმაცია". - განუცხადა გიორგი კანდელაკმა ტაბულას

ამასთანავე, თუკი PACE-ის დატოვების შემდეგ დადგება ის შედეგი, რომ სამომავლოდ საქართველო ზოგადად ევროსაბჭოს წევრობაზეც იტყვის უარს, დასრულდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე (ECHR) საქართველოს მოქალაქეების წვდომაც, რადგან ევროსაბჭოს წევრობა ECHR-ის წევრობის წინაპირობაა. ამ შემთხვევაში, გაქრება მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ადამიანთა უფლებების დაცვა საერთაშორისო დონეზეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ PACE-ზე ქართული ოცნების დელეგაციის გადაწყვეტილება სამეზობლოში სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან 2024 წლის 24 იანვარს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა აზერბაიჯანმაც შეწყვიტა მას შემდეგ, რაც PACE მათი დელეგაციისთვის უფლებამოსილების არმინიჭებაზე შეთანხმდა. 

ასამბლეამ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო მიიღო, თუმცა, აზერბაიჯანის დელეგაციამ კენჭისყრამდე გამოაცხადა, რომ PACE-თან თანამშრომლობასა და ასამბლეაში მონაწილეობას განუსაზღვრელი დროით წყვეტდა.

ამას გარდა, ევროსაბჭოს არსებობის ისტორიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ორგანიზაციის რიგებიდან გაირიცხა, რუსეთია, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას მოჰყვა. საინტერესოა ისიც, რომ ასამბლეიდან რუსეთის გარიცხვის რეკომენდაციის მხარდაჭერის შემდეგ, რუსეთმა ევროსაბჭოს შეატყობინა, რომ ორგანიზაციას თავად ტოვებდა.

კომენტარები