ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

ჯაფარიძე: ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, ოცნებამ დააყენა რეალობა - კუდამოძუებული ევროპიდან

გუშინ საღამოს სტრასბურგში მიღებული იქნა უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გადაწყვეტილება  ევროპის საბჭოს ასამბლეის მიერ, რომელიც აერთიანებს 46 ქვეყანას და ამავდროულად დამკვირვებლები არიან აშშ, კანადა, იაპონია.

ამ უმნიშვნელოვანესი ევროპული ორგანოს საპარლამენტო ასამბლეამ სრულად დაუჭირა მხარი ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისთვის, ევროპული მომავლისთვის და საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის.

საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების დელეგაციას შეეზღუდა უფლებამოსილება და განისაზღვრა ის აუცილებელი პირობები, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ესენია: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩვების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამავდროულად ყველა ძალადობრივი ფაქტის გამოძიება.

ეს რეზოლუცია ერთხმად იქნა მიღებული და იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებას გაეთვალისწინებინა ეს გადაწყვეტილება, ქართული ოცნების დელეგაციამ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში . ეს არის ზუსტად ის რეალობა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, როდესაც ქართული ოცნების ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან. ცრუ დევიზის - ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, ქართულმა ოცნებამ დააყენა რეალობა - კუდამოძუებული ევროპიდან. 

ამავდროულად, ქართველი ხალხი მიიღებს იმ აუცილებელ მხარდაჭერას ყველა ცივილიზებული ქვეყნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ბრძოლის წარმატებით დასრულებას. ეს წარმატება სჭირდება საზოგადოების გამთლიანებას, მშვიდობის დამყარებას და ჩვენი ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. სწორედ ამისთვის იქნა მიღებული, ის მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელსაც ერთხმად დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

ამბობს კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე PACE-ს რეზოლუციაზე.

კომენტარები