ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს – PACE-ის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილებაზე

InTime News

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა თქვა, რომ საქართველოს დელეგაციის მხრიდან საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა საფრთხეს უქმნის დიალოგს, "რომელიც საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების წინსვლას" შეუწყობდა ხელს.

"ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გასულიყო მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ხმა მისცა დელეგაციის უფლებამოსილების დამტკიცებას გარკვეული პირობებით. [...] ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების წინსვლას დაეხმარებოდა". - თქვა რუსოპულოსმა.

მანამდე, ივანიშვილის წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს ასამბლეის პლენარული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოში მუშაობა შეწყვიტა. მისი თქმით, საქართველო ევროსაბჭოს წევრად რჩება, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს. 

"საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროსაბჭოს წევრად, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე მათ უკან მყოფი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და ამისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს". - თქვა თეა წულუკიანმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ, 29 იანვარს, რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას. 

"დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და გაუმართაობები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელშემწყობი იქნება ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნებისთვის, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა გამოცხადდეს." - წერია რეზოლუციაში.

ტექსტში შეტანილი პირველი შესწორება ასევე ითხოვს, რომ "მოხდეს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობების ქვეშ ჩატარდება".

ამას გარდა, რეზოლუცია ითხოვს, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიამდე გაათავისუფლოს.

ტექსტი, "პოლიციის დაუნდობლობისა და ადამიანის უფლებათა სხვა შელახვის დაგმობის ცხად ნიშნად" ასამბლეაში ქართული ოცნების დელეგატებისთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.

ტექსტით გათვალისწინებული შეზღუდვების მიხედვით, ოცნების დელეგატებს აღარ ექნებათ:

  • პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის, მონიტორინგის, სამართლებრივი საქმეებისა და ადამიანის უფლებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის, პროცედურული კანონების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტების სრული ან მოადგილეობრივი წევრობის უფლება; 
  • არჩევნების დამკვირვებელი კომიტეტების წევრობის უფლება; მომხსენებლად დანიშვნის უფლება;
  • ასამბლეის საპრეზიდენტო ოფისის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენის უფლება; 
  • უფლება წარმოადგინონ ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით და უფლება წარმოადგინოს ასამბლეა პერიოდულად ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ თუ აღწერილი პრობლემები მოგვარდება, შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი იქნება.

ტექსტში შეტანილი მეხუთე შესწორების მიხედვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოცნებას მოუწოდებს, "მყისიერი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა საშუალება მისცეს საქართველოს, გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც თანხვედრაშია ხალხის ევროპულ მისწრაფებებთან, და [მოუწოდებს,] გადაწყვეტით დააჩქაროს საჭირო რეფორმები".

ასევე, რეზოლუციის ტექსტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც აღნიშნული იქნება საქართველოსთან დაკავშირებულ სასწრაფო მოსაზრებაში. ამ მოსაზრების შემუშავება კომისიას ასამბლეის პრეზიდენტმა სთხოვა.


ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების არმინიჭების საკითხი დღის წესრიგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ზამთრის სესიის გახსნით სხდომაზე დადგა.

სარჩელის ავტორის, ევროპის სახალხო პარტიის წევრის, ბორიანა აბერგის თქმით, "საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და საქართველოში დემოკრატიული წესრიგის ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს".

დეპუტატის წინადადებას მხარი დაუჭირა ასამბლეის სულ მცირე ოცდაათმა წევრმა, რომლებიც, როგორც რეგლამენტი მოითხოვს, 5 სხვადასხვა ეროვნულ დელეგაციას წარმოადგენენ. 

"საკითხი დებატების გარეშე გადაეცა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს, რომელიც მას 29 იანვარს განიხილავს". - წერია ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარალელურად, სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიციამ ცვლილებებისთვის, ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ და ძლიერმა საქართველომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა, არ დაედასტურებინათ ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ასამბლეას ასევე მიმართა პარტიამ გახარია საქართველოსთვის.

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები