საპროტესტო აქციაზე დაკავებული 21 წლის მათე დევიძის შემდეგი სასამართლო პროცესი 7 თებერვალს გაიმართება.
დევიძის ადვოკატის, თამარ ექუნიძის თქმით, შემდეგ სასამართლო სხდომაზე, სავარადუდოდ, წარმოდგენილი იქნება ბრალდების მხარის მოწმე.
"არსებითი განხილვის პირველი სხდომის დროს, დაცვის და ბრალდების მხარის მიერ წარმოთქმული იყო შესავალი სიტყვები, შემდეგი პროცესი გაიმართება 7 თებერვალს, სადაც, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება ბრალდების მოწმე. ჩვენ უკვე წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ესწრებოდნენ მათე დევიძის დაკავებას.
მათეს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე ძალადობას, თითქოს მათე დევიძემ 3 პოლიციელს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები". - თქვა ადვოკატმა.
პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა.
დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





