მთავარი არხი

ოქუაშვილი: გვარამია-გაბუნია არიან ივანიშვილის მძევლები უკანონო ფინანსური მაქინაციების გამო

ზაზა ოქუაშვილი მთავარი არხის განცხადებას "მორიგი შავი პიარის აგორებას" უწოდებს. მისი თქმით, ეს "საეჭვოდ დაემთხვა  სწორედ იმ დღეს, როდესაც ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ჩემს მიერ წამოწყებული  პროცესის მორიგი სასამართლო სხდომები დაიწყო ლონდონში, სადაც კვლავ გრძელდება ჩემი სამართლებრივი ბრძოლა  ივანიშვილის ხელისუფლების რეჟიმთან".

"გვარამია და გაბუნია თავისუფალნი არ არიან თავიანთ განცხადებებში, რადგან არიან ივანიშვილის მძევლები მათ მიერ ჩადენილი უკანონო ფინანსური მაქინაციების გამო, რამაც მთავარი არხი მიიყვანა ხელოვნურ გაკოტრებამდე.

მთავარი არხის ანგარიშებს ინკასო ადევს უკვე სამი წელია და ტელეკომპანია ვერ აწარმოებს   ოფიციალურ გადარიცხვებს. ჩემ მიერ წარდგენილი დირექტორი გიორგი ქურდაძე არ გახდა თანამონაწილე მთავარ არხზე მიმდინარე დანაშაულებრივი ქმედებებისა. ქურდაძის მოთხოვნა არხის მუშაობის კანონიერ ფარგლებში მოქმედებაა.

სარეკლამო კომპანია ნიუ სეილსი, რომელიც ჩართული იყო ფულის გათეთრების მაქინაციურ სქემაში,  გიორგი ქურდაძის მიერ  მხილების შემდეგ აღარ თანამშრომლობს მთავარ არხთან და შესაბამისად, რეკლამაც არხზე შეჩერებულია.

ჩემი მოთხოვნა იყო მარტივი: გაბუნია, რომელმაც გარდა მთავარ არხზე უკანონო ქმედებებისა, თავი გამოიჩინა ჩემ მიმართ ცილისწამებითა და ტყუილებით, აღარ ყოფილიყო ამ არხის გენერალური დირექტორი. გაბუნიას სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ თავისი ცოლის - სოფიო ლილუაშვილის კანდიდატურა შემომთავაზა, რაზეც თავი შევიკავე.

კიდევ ერთხელ მივმართავ მთავარი არხის 37%-იანი წილის ნამდვილ  მფლობელს, ჩემთან ერთად მიიღოს მონაწილეობა უკანონობის გამოსწორებასა და მთავარი არხის გადარჩენაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დუმილი ქართული ოცნებასთან გარკვეული გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს.

მთავარი არხის გადასარჩენად საჭიროა, მის დირექტორად მოვიდეს ჟურნალისტებისა და საზოგადოებისათვის მისაღები პირი, რომელიც კანონიერად მართავს არხს.

გვარამია-გაბუნიას ეს დემაგოგიური შავი პიარიც ჩემ წინააღმდეგ ქართული ოცნების სარგებელს ემსახურება. 

კარგა ხანია, ფარდა აეხადა გვარამიასა და ივანიშვილის ხელისუფლებას  შორის ფარულ გარიგებას და  საზოგადოებას არც ახლა გაუჭირდება  სიმართლეში გარკვევა" - წერს ოქუაშვილი.

პარტია ახალის ლიდერისა და მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თქმით, "მთავარ არხს ხურავს ზაზა ოქუაშვილი მისი წარმომადგენლის მეშვეობით". მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ "ეს არის ბიძინა ივანიშვილთან გარიგებული სქემა".

"ყველაფერი აჩვენებს - როცა ფული არსებობს და შეგიძლია, გადაიხადო შუქის ფული, რომელსაც გითიშავენ, ინტერნეტის ფული, რომელსაც გითიშავენ, ხელფასები, რომელიც უნდა აიღოს კოლექტივმა და არ გახდევინებს ზაზა ოქუაშვილის დანიშნული ვიღაც... პირდაპირ გეტყვით - ჩემი თანამშრომლები ამის გამო ციხეში არ წავლენ და ყოფილი თანამშრომლები.

ასევე, პირდაპირ გეტყვით, რომ მთავარი არხი რომც დაიხუროს ამ ფორმით, გაიხსნება ახალი, მე რაც შემიძლია, იმას გავიკეთებ, იმიტომ, რომ ეს ჩემი შვილია, რამდენი პარტიაც არ უნდა გაიხსნას, რამდენი ახალი ტელევიზიაც, ეს არის ჩემი შვილი და ისიც მეყოფა ცხოვრებაში, ის ტრავმაც, რომელიც რუსთავი ორის წართმევით მივიღე, ამას მე არავის გავაკეთებინებ.

ზაზა ოქუაშვილმა თვითონ გააკეთა არჩევანი - შეეძლო, ყოფილიყო მთავარი არხი და მისი დამფუძნებელი, ახლა იქნება არხი და თვითონ იქ არ იქნება" - ამბობს ახალის თავმჯდომარე.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ანუ მიდასტურებთ, რომ ახალი არხი იქნება? - ნიკა გვარამია პასუხობს, რომ "აუცილებლად იქნება და ნიკა გვარამია დირექტორი არ იქნება, თავისთავად ცხადია".

"პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ის წილი, რომელიც მთავარ არხში მქონდა, ახლაც არ მომცემს ოქუაშვილი თანხმობას, რადგან მისი თანხმობაა საჭირო, ეს წილი ჰქონდეს კოლექტივს, მე გავაკეთე ჩემი არჩევანი - წავედი პოლიტიკაში, მე მედიაში მიბრუნებას არ ვაპირებ, ამის აფიშირებას გავაკეთებ იმით, რომ წილიც არ მექნება ახალ არხში.

მე დავეხმარები ყოველთვის და ყველგან, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა, მე არ ვტოვებ ჩემს გუნდს, არც ძველს, არც ახალს და არც ჩემს მეგობრებს" - თქვა გვარამიამ.

კომენტარები