სპეციალური პენიტენციური სამსახური

პენიტენციური: ცილისწამებაა, თითქოს ი.გ.-ზე პენიტენციურის თანამშრომლებმა იძალადეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური სამედიცინო ცენტრ ვივამედში გადაყვანილი პატიმართან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ბრალდებულ ი. გ-ს მიმართ თითქოს ძალადობა განხორციელდა.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

განვმარტავთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.

ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ-ს ან მის უფლებადამცველს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.

2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა და დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებულს ჩაუტარდა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევები და მიღებული შედეგების მიხედვით განხორციელდა შესაბამისი სამედიცინო ინტერვენცია. ამჟამად ბრალდებული ი.გ. კვლავ იმყოფება სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაშია ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებსა და სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით". - წერია განცხადებაში.

დღეს, 29 იანვარს, გლდანის ციხესთან ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ და ადმინისტრაციისგან განმარტებებს (თუ ვინ გაუსწორდა პატიმარს ფიზიკურად) და ხელმძღვანელი პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

როგორც ბრალდებულის მამამ მედიას უთხრა, შვილის ჯანმრთელობის შესახებ მან გუშინწინ გაიგო, თუმცა ი.გ. კლინიკაში 23 იანვარს გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის აპარატმა სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვივამედში მოთავსებულ პაციენტთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

კომენტარები