უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო.
საქმის დაწყების შესახებ ინფორმაცია НАБУ-მ გამოცემა Интерфакс-Украина-ს დაუდასტურა.
არასამთავრობო ორგანიზაციის, კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის (ЦПК) თანახმად, რომელმაც უმეროვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, მინისტრს ძალაუფლების ან თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
ЦПК-ის ინფორმაციით, უმეროვმა თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს (АОЗ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სააგენტოს დირექტორთან, მარინა ბეზრუკოვასთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე უარი თქვა. კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი ასევე წერს, რომ უმეროვმა სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრი გაათავისუფლა, რომლებმაც კონტრაქტის გახანგრძლივებას ხმა მისცეს.
მანამდე, უკრაინის უმაღლესი რადის ანტიკორუფციული პოლიტიკის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანასტასია რადინამ უმეროვს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, უმეროვი უკრაინის მოსახლეობაში სამინისტროს მიმართ ნდობას ამცირებს.
"ვფიქრობ, რომ ასეთი ქმედებები თავდაცვის შესყიდვების რეფორმას ანადგურებს და შესყიდვების პროცესში ხელოვნურ ჩარევაზე მიუთითებს.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება "ახალ სამეთვალყურეო საბჭოში", არ აქვს მნიშვნელობა, შემდგომ ვინ უხელმძღვანელებს სააგენტოებს - მინისტრმა ნათლად აჩვენა, რომ ერთი ხელის მოსმით შეიძლება ამ ხალხისთვის კარის ჩვენება". - დაწერა რადინამ.
ცნობისთვის, АОЗ-ის გარეგანი გავლენებისგან დაცვისთვის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა NATO-ს ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა.
ცნობისთვის, უმეროვის თქმით, ბეზრუკოვას გათავისუფლება და მის თანამდებობაზე არსენ ჟუმადილოვის დანიშვნა სურს, 14 იანვარს კი ЦПК-ის აღმასრულებელი დირექტორი, დარია კალენიუკი იტყობინებოდა, რომ უმეროვს ბეზრუკოვას ნაცვლად ალექსანდრა უსტინოვას დანიშვნა სურდა.
უმეროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2023 წლის სექტემბრიდან იკავებს, მანამდე პოსტს ოლეკსი რეზნიკოვი იკავებდა.
ოლეკსი რეზნიკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს 4 სექტემბერს ჩააბარა. მომდევნო დღეს კი უკრაინის რადამ რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. მოგვიანებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის მოადგილეები დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.