მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: მფლობელების დასანქცირება არ უნდა აისახოს დასაქმებულებზე - ეს ვთქვი გუშინ

მამუკა ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, TV პირველის ეთერში მის ინტერვიუს "სხვაგვარი ინტერპრეტირება" მოჰყვა. მისი თქმით, "ვიყავი და ვიქნები ქართული ბიზნესის მხარდამჭერი, მასზე დგას ქვეყნის ბიუჯეტი, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. კონკრეტული ბიზნეს სტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში - ეს ვთქვი გუშინ".

"საუბარია ათობით ათას ადამიანზე, ეს ხალხი მუშაობს და ქმნის ყოველდღიურად დოვლათს, იღებენ გასამრჯელოს და არჩენენ ოჯახს.

სანქციებზე გადაწყვეტილებას იღებენ აშშ-ს შესაბამისი სტრუქტურები. რუსული რეჟიმის დამფინანსებლები, ანუ ძალადობის დამფინანსებლები უნდა დასანქცირდნენ, ეს პოზიცია გვქონდა და რჩება უცვლელი.

აქვე, ჩემი რჩევა დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს - ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს ამ უბედურებაში.

როცა ჩემი და ბადრის წინააღმდეგ ბიძინამ და მისმა ყურმოჭრილმა პროკურატურამ შეტევა დაიწყო, საქმის აღძვრამდე მე და ბადრიმ დავტოვეთ ყველა ბიზნესსტრუქტურა და თანამდებობა, დავტოვეთ კომპანიები და ამით გადავარჩინეთ ათასობით თანაგუნდელის სამუშაო ადგილი, ჩვენი ბიზნესსპარტნიორები ბევრ პრობლემას და პროექტების დახურვას.

თქვენი დასანქცირება პირდაპირ ნიშნავს თქვენი კომპანიებისა და თანამშრომლებისთვის გამოუსწორებელ ზიანს.

გაემიჯნეთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გადაარჩინეთ ათასობით თქვენი თანამშრომელი სამუშაოს დაკარგვას.

რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას თავისი ფასი აქვს და მძიმე შედეგები მოჰყვება" - წერს ხაზარაძე.

ლელოს ლიდერმა ინგა გრიგოლიას 28 იანვრის რეაქციაში თქვა, რომ "ჩვენ არ ვიყავით ჩასულები აშშ-ში, რომ ვიღაცა დაასანქცირე, ამას არც ვიკადრებ, პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდი იმ ბიზნესსტრუქტურებს, პიროვნებებს კი არა, ბიზნესტრუქტურებს, რომ გადარჩნენ, ბიზნესი გადარჩეს".

ინგა გრიგოლიას კითხვაზე - ვის უწევდა ადვოკატირებას, იმ ბიზნესებს, რომლებიც შეიძლება, დასასანქცირებელთა სიაში იყოს? - მამუკა ხაზარაძემ დადებითად უპასუხა.

"დიახ, იმიტომ, რომ ამ ხალხის უკან... ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაც არ მოხდეს, მე ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, შეიძლება არაპოპულარულია ახლა ამის თქმა, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ასე ვთქვათ...მაგრამ ათასობით ადამიანი მუშაობს, იმ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. თუ ვინმეს დაასანქცირებენ, მე არავის დასანქცირება არ მინდა, მაგრამ ესე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, ძალიან სათუთი თემაა რა" - აღნიშნა ხაზარაძემ.


რადიო თავისუფლებამ 9 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა წინასაარჩევნო გარემო, სადავო არჩევნები, პროდასავლური საპროტესტო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა. 

ამავდროულად, წერილი შეიცავს "ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის" სიას, რომელიც ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრების, ქართული ოცნების ლიდერებისა და თანამდებობის პირების, ასევე, მოსამართლეების და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან რეჟიმთან დაახლოებული პირებისგან შედგება.

რადიო თავისუფლების მიხედვით, წერილში აღნიშნული პირები მოხსენიებულები არიან, როგორც  "ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ". წერილის ავტორები მომავალ სახელმწიფო მდივნისგან აღნიშნული ადამიანების დასანქცირებას მოითხოვენ. 

ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრების, ქართული ოცნების ლიდერების, მინისტრების, სახელმწიფო თანამდებობის პირების და მოსამართლეების გარდა, წერილში მოხსენიებულები არიან "კორუმპირებული ფინანსური "გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:

  • ირაკლი რუხაძე, იმედის მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
  • სოსო ფხაკაძე, ვისოლის დამფუძნებელი
  • ხვიჩა მაქაცარია
  • ირაკლი გილაური, საქართველოს კაპიტალის (Geo Capital) დირექტორი
  • ვანო ჩხარტიშვილი
  • სულხან პაპაშვილი
  • გიორგი კაპანაძე (რიჟა)
  • ილია წულაია, არქის დამფუძნებელი
  • ნოშრევან ნამორაძე
  • ვიქტორ ჯაფარიძე, პოსტივის მფლობელი, პარლამენტარი

კომენტარები