მოლდოველი პრორუსი ოლიგარქი და პოლიტიკოსი, პოლიტიკური ბლოკი გამარჯვების პრეზიდენტი, ილან შორი რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს, ევროკავშირს ჩარევაში ადანაშაულებს და ბელარუსისა და საქართველოს არჩევნების შემთხვევებს ერთმანეთს ადარებს.
შორის თქმით, ბრიუსელი "ქუჩის ხულიგანივით" იქცევა. მან ერთმანეთთან გააიგივა საქართველოსა და ბელარუსში ჩატარებული არჩევნებისადმი ევროკავშირის მიდგომა.
"ბრიუსელი ქუჩის ხულიგანივით იქცევა, პრინციპით - "რასაც მინდა, იმას ვაკეთებ". რუმინეთში მათთვის არახელსაყრელმა კანდიდატმა გაიმარჯვა - არ აღიარეს და საბოლოო ჯამში პირველი ტურის შედეგები გააუქმეს, საგარეო ჩარევის საბაბით. და რა მოხდა საქართველოში? სწორედ იგივე. შედეგების არაღიარება, ღია შანტაჟი და მუქარა სანქციებით. და ბელარუსში? კვლავ იგივე." - დაწერა შორმა საკუთარ ტელეგრამ არხზე.
1 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველი ტურის შედეგების გაუქმების მიზეზი რუსეთის მიერ კოორდინირებული ონლაინ კამპანიის წარმოება გახდა, რითაც რუსეთი ცდილობდა, არჩევნებში სწორედ ჯორჯესკუს გაემარჯვა.
დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე კალინ ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს მართავდა, რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა.