ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ჯაფარიძე: განიხილება, ევროსაბჭომ ოცნებას არ მიანიჭოს უფლებამოსილება, ან აღიარონ პირობებით

კადრი ვიდეოდან/საზოგადოებრივი მაუწყებელი

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ევროპის საბჭოში კომიტეტის სხდომაზე ორი ვერსია განიხილება - ივანიშვილის დელეგაციას არ მიენიჭოს უფლებამოსილება, ან აღიარონ გარკვეული ვადით და გარკვეული პირობებით. 

ზურა ჯაფარიძე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე. 

"განიხილება ორი ვერსია. ერთი ვერსია არის, რომ ივანიშვილის დელეგაციას არ მიენიჭოს უფლებამოსილება და მეორე ვერსია არის, რომ აღიარონ გარკვეული ვადით და გარკვეული პირობებით. ამიტომ, რამდენადაც მე ვხვდები, ამ მონიტორინგის კომიტეტში სწორედ ამაზე არის დისკუსია. თუ მაინც აღიარებაზე წავიდა, რა პირობები შეიძლება, ჩაიდოს, რა ვადები და ა.შ. [...] ჩვენი პოზიცია იქნება, რომ თუ ეს მოხდა, პირობა შეიძლება, იყოს მხოლოდ და მხოლოდ ორი - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები, სხვა პირობები არც ჩვენ და არც საქართველოში არ აქვთ" - თქვა ჯაფარიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

სტრასბურგში საქართველოს დელეგაციას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პირველი სესია 27-31 იანვარს იმართება. 

კომენტარები