2025 წლის არჩევნები ბელარუსში

კალასი ბელარუსის არჩევნებზე: ფარსი არჩევნები არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, კაია კალასმა ბელარუსის 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

კალასის თქმით, 26 იანვარს ჩატარებული არჩევნები არ იყო სამართლიანი ან თავისუფალი. ევროკავშირის უმაღლესმა ლიდერმა ბელარუსს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა:

"ფარსი არჩევნები ბელარუსში არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ბელარუსი ხალხი იმსახურებს ნამდვილ უფლებას, თავად აირჩიოს, ვინ იქნება მათი ქვეყნის სათავეში. ბელარუსში ადამიანის უფლებების უწყვეტმა და უპრეცედენტო რეპრესიებმა, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის შეზღუდვამ და დამოუკიდებელ მედიაზე წვდომის დაბლოკვამ საარჩევნო პროცესს სრულად მოუსპო ლეგიტიმურობა. ჩვენ მოვუწოდებთ რეჟიმს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, რომელთა რიცხვიც ათასზე მეტია და მათ შორის არის ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომელი". - ნათქვამია განცხადებაში.

კაია კალასის განცხადების თანახმად, ევროკავშირი გააგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ამასთან, გააგრძელებს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებისა და დევნილი დემოკრატიული ძალების ფინანსურ მხარდაჭერას:

"ამ მიზეზების გათვალისწინებით და ასევე იმის გამო, რომ ბელარუსის რეჟიმი მონაწილეობს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში და მის ჰიბრიდულ თავდასხმებში მეზობელ ქვეყნებზე, ევროკავშირი გააგრძელებს რეჟიმის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას. ამავდროულად, ევროკავშირი ფინანსურად დაუჭერს მხარს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილობაში მყოფ დემოკრატიულ ძალებსა და ბელარუსულ კულტურას. როდესაც ბელარუსი დემოკრატიულ ტრანსფორმაციას დაიწყებს, ევროკავშირი მზად იქნება დაეხმაროს ქვეყანას ეკონომიკის სტაბილიზაციასა და ინსტიტუციური რეფორმების გატარებაში" - წერს კალასი.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც  უნგრეთმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ ევროკავშირის ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty) ბრიუსელის წყაროების დაყრდნობით აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, განცხადების ტექსტში, რომლის ასლიც RFE/RL-მა მოიპოვა, ეწერა, რომ ბელარუსში გაუჩერებელი და უპრეცედენტო დონის რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის გამო ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივ განცხადების მხარდაჭერაზე უარს ამბობდა სლოვაკეთიც, თუმცა, მოგვიანებით ქვეყნის წარმომადგენლები განცხადების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო დაასახელა. ცესკოს მტკიცებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 86.28% მიიღო.

ევროპაში არჩევნები არ აღიარეს. ევროკავშირმა ლუკაშენკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს "ფიქტიური და არალეგალური" უწოდა.

საპრეზიდენტო არჩევნებს ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის დევნილი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელმაც დამოუკიდებელი მონაცემების თანახმად, 2020 წლის არჩევნებზე გაიმარჯვა. ტიხანოვსკაიამ წლევანდელი არჩევნები მოიხსენია, როგორც "რეჟიმის მორიგი სპექტაკლი".

ალექსანდრ ლუკაშენკო დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია. 1994 წლიდან დღემდე მან 7 საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა. ცესკოს შედეგებით ლუკაშენკო მინიმუმ 2030 წლამდე დარჩება ქვეყნის სათავეში.

კომენტარები