ბელარუსის სამთავრობო ტელევიზიის ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ ქვეყნის ავტოკრატმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87.6% მოიპოვა.
მისი ფორმალური კონკურენტები ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ოლეგ გაიდუკევიჩი; ბელარუსის კომუნისტური პარტიის სერგეი სირანკოვი; შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტიის ალექსანდრ ხიჟნიაკი და დამოუკიდებელი კანდიდატი ანა კანოპაცკაია იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერები, მათ შორის, რუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია და მიხეილ ჟღენტი ბელარუსში, კერძოდ, მინსკში, საპრეზიდენტო არჩევნებზე "საერთაშორისო დამკვირვებლების" სტატუსით ჩავიდნენ.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, 22 იანვარს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიარონ ბელარუსში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 567-მა დეპუტატმა, 25 წინააღმდეგი იყო, ხოლო 66-მა არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
"მოვუწოდებთ ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, კატეგორიულად უარყოს ბელარუსში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ის დემოკრატიული არჩევნების მინიმალურ სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო საზოგადოებას, 2025 წლის 26 იანვრის შემდეგაც განაგრძოს ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმაცია" – წერია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი ასევე, მოუწოდებს ევროკავშირს, განაგრძოს ბელარუსის დემოკრატიული ძალების მხარდაჭერა, რომელსაც სვეტლანა ტიხანოვსკაია უდგას სათავეში.
ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი 1994 წლიდან არის. 1995 წლიდან დღემდე ეუთოს მიერ არც ერთი არჩევნებია არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
უკანასკნელად ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდა. მაშინ ოპოზიციურმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ არჩევნები მინიმუმ 60%-ით მოიგო. თუმცა ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო დაასახელა, ცესკოს მონაცემებით უცვლელმა პრეზიდენტმა ხმათა 80% აიღო. არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა, საბოლოოდ ლუკაშენკომ რეპრესიებისა და პოლიციური ძალადობის ხარჯზე შეინარჩუნა ხელისუფლება. 2020 წლის არჩევნების შედეგებს აშშ და ევროკავშირი ლეგიტიმურად არ ცნობს.





