გიორგი გახარიაზე თავდასხმა

მტკიცებულებების განადგურებაზე ერთად მუშაობდნენ სუსი, პოლიცია და შერატონი - მეზვრიშვილი

როგორც პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, მათი გამოძიებით დგინდება, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმა ჩასაფრებით და თვალთვალით წინასწარ იყო ორგანიზებული.

მეზვრიშვილის თქმით, სუსი, პოლიცია და სასტუმრო შერატონი ერთად მუშაობდნენ ჩასაფრებისთვის პირობების შექმნასა და მტკიცებულებების განადგურებაზე.

"ჩვენი გამოძიებით დადგენილი გვაქვს ის, რასაც არ ადგენს ივანიშვილის პროკურატურა, რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოები და რომლის დადგენის ინტერესი ოცნებაში არ აქვს არავის. მტკიცებულებებზე დაყრდნობით დავადგინეთ, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა, განხორციელებული ჩასაფრებით და თვალთვალით, მათ შორის, შეიარაღებული პირების მიერ, რომლებიც ამ ყველაფერს წინასწარ იწერდნენ და რაშიც ჩართული იყო როგორც პოლიცია, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სამწუხაროდ, შერატონ ბათუმი. ოცნება ყველანაირად ეცდება, რომ ეს იყო სპონტანური, ასეთი, ისეთი, ვიღაცეებს იქ ხელები შეაწმინდონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ამ მტკიცებულებებს ეტაპობრივად გავასაჯაროებთ და საზოგადოებისთვის გახდება ნათელი ის, რაც იქ რეალურად მოხდა.

[...] მთელი დღის განმავლობაში გიორგი გახარიას უთვალთვალებდნენ რეჟიმის წარმომადგენლები, იცოდნენ შერატონში როდის შევიდა, როდის გამოვიდა და როდის ბრუნდებოდა, მათ მოასუფთავეს შერატონის ლობი, სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს რესეფშენშიც კი არ იყო სასტუმროს არცერთი წარმომადგენელი, არ იყო დაცვა. ანუ ეს ადამიანები, თავდამსხმელები წინასწარ იყვნენ ჩასაფრებულები ლობიში, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიარაღებულები და მომზადებულები, რომ თავდასხმა ჩაეწერათ. მას შემდეგ, რაც ზვიად ქორიძეს დაესხნენ თავს, დაახლოებით 1 საათზე, შერატონმა არ მიიღო ზომები, არ გამოიძახა პოლიცია. იცოდნენ, რომ დაახლოებით 2-ის 20 წუთზე გახარია დაბრუნდებოდა შერატონში. [...] ჩვენი გამოძიებით დადგენილია, რომ სასტუმროში მივიდა სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც შეამოწმა თანამშრომლების ტელეფონები, რომ გაენადგურებინათ მტკიცებულებები, ადგილზე პოლიცია გამოცხადდა 47 წუთის დაგვიანებით, [...] და 3 საათის და 10 წუთის დაგვიანებით აკრავს ე.წ. დამცავ ლენტს, როდესაც იქ დასაცავი აღარაფერია.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სუსი, პოლიცია და შერატონი ერთად მუშაობდნენ ორგანიზებაზე, ჩასაფრებისთვის პირობების შექმნაზე, მტკიცებულებების განადგურებაზე და ამის შემდეგ პოლიციამ პირველი რაც გააკეთა პრაქტიკულად გაიტაცა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რადგან ის იყო პასუხისმგებელი კამერებზე, გაიტაცეს, რათა მასთან დალაგებულიყვნენ და ეს კამერების საკითხი მოეგვარებინათ. პირველივე დღიდან მოვთხოვეთ შერატონ ბათუმს და მარიოტ ინთერნეიშენალს და მოვთხოვეთ იმის მიუხედავად, წაიღებდა თუ არა გამოძიება ჩანაწერებს, შეენახათ ეს ჩანაწერები. [...] რა გააკეთა შერატონმა? - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პირველი 6 დღე, შერატონის მენეჯერი იმიზეზებდა იურისტებთან კონსულტაციას და უცებ აღმოჩნდა, რომ როგორც კი გიორგი გახარიამ გამოთქვა სურვილი გამოკითხვაზე მისვლის, [...] შერატონი და პროკურატურა არიან ერთმანეთთან სრულ კოორდინაციაში და ბოლოს ვიგებთ შერატონისგან, რომ პროკურატურამ ყველაფერი პირწმინდად წაიღო. პროკურატურას ორი განჩინება ჰქონდა, ერთი განჩინება ინფორმაციის გამოთხოვაზე, რაც ითვალისწინებდა ასლების დატოვებას შერატონისთვის და მეორე განჩინება ინფორმაციის პირწმინდად ამოღებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მძევლად აიყვანეს მტკიცებულებები, ფეხს ითრევენ იმაზე, რომ ზუსტად გვითხრან სად არის ჩანაწერები". - თქვა მეზვრიშვილმა.

15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ  ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად.

შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

სასტუმრო შერატონის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის ამსახველი ჩანაწერები სრულად აქვთ და ოფიციალური მომართვის შემდეგ უწყებებს გამოძიებისთვის გადასცემენ.

კომენტარები