უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) სამხედრო კონტრდაზვერვის ცნობით, უკრაინის ერთ-ერთი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი დააკავეს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა და ცდილობდა, რუსეთს მის სასწავლებელზე სარაკეტო იერიშის მოწყობაში დახმარებოდა.
გამოძიების მიხედვით, 18 წლის ქალი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. ჯარისკაცი მათ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის, უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციისა და რეგიონის დაბომბვის შედეგებზე ინფორმაციას აწვდიდა.
"СБУ-ს სამხედრო კონტრდაზვერვამ დროულად გამოავლინა მოღალატე და ეტაპობრივად აღრიცხა მისი დანაშაულები. სინქრონულად ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები სასწავლებელი ადგილებისა და უკრაინული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების კურსანტთა საცხოვრებელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად". - წერს СБУ
სამხედრო სასწავლებელი, რომელშიც ჯარისკაცი სწავლობდა, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ხარკოვიდან ლვოვში გადაიტანეს. СБУ-ს თანახმად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლებს სამხედრო სასწავლებლის სასწავლო შენობებისა და ყაზარმების კოორდინატები განსაკუთრებით აინტერესებდათ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯარისკაცი აპირებდა, ФСБ-სთვის სასწავლებლის შენობების გეოლოკაციები გადაეცა, სადაც სხვა კურსანტები, მათ შორის, მისი თანაჯგუფელები იმყოფებოდნენ.
СБУ-ს მიხედვით, 18 წლის ჯარისკაცს შენობა დაბომბვამდე უნდა დაეტოვებინა, შემდეგ კი ФСБ თავისი აგენტის უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანას გეგმავდა, მათ შორის მესამე ქვეყნების გავლით.





