გიორგი გახარიაზე თავდასხმა

გახარია: დაშინების სასაცილო მცდელობის პასუხად, ბრძოლაში ვიქნები ქართველ ხალხთან ერთად

პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ბათუმში, სასტუმრო შერატონში მასზე განხორციელებული თავდასხმის ავტორი ბიძინა ივანიშვილია.

გახარიას თქმით, "დღეს როგორც მიდის გამოძიება და როგორც იქცევა ზოგიერთი პროპაგანდისტული მედია, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის შესაბამისად გამოძიებას", თუმცა ამის მიუხედავად, ეს "სასაცილო მცდელობა ჩემი დაშინების ან განეიტრალების მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები პირველ ხაზზე".

"ამ თავდასხმას ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი იყო ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიძინა დიდი ხანია უკვე, რაც მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, საჯაროდაც, მაგრამ მე დღეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან დღეს ქვეყანაში, როგორც ადამიანთან, რომელიც ძალადობს საქართველოს რიგით მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე და ძალადობს ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან დღეს საქართველოში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც მძევლად ყავს აყვანილი ქვეყანა, მთავარი ფასეულობა გახლავთ ფული და ძალაუფლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს როგორც ფული, ისე ძალაუფლება. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები თქვენთან ერთად ყოველდღიურად და წინა ხაზზე.

რაც შეეხება იმ დღეს, მე ვიყავი ბათუმში, ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე და როდესაც დავბრუნდი სასტუმრო შერატონში, შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავი, რომ უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად ახორციელებდნენ თავდასხმას, ეს იყო ორგანიზებული და ამას, რა თქმა უნდა, მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ერთი ადამიანი იღებდა ამ ყველაფერს, სასტუმროს ლობი დაცლილი იყო, მათ შორის სტაფისგან და მას შემდეგ, რაც შევედი ამ სასტუმროში და ეს რეაგირება მოვახდინე უკვე აშკარა იყო, რომ ცდილობდნენ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულნი. ამის შემდეგ მოვახდინე რეაქცია, რასაც არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქაში დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, ისინი ჯგუფურად თავს დამესხნენ, რის შედეგადაც, როგორც მითხრეს ექიმებმა, მე გონება დავკარგე. სანამ სასწრაფოს ექიმებმა დახმარება არ გამიწიეს, მე გონებაზე ვერ მოვედი, ამისთვის მადლობას ვუხდი მათ.

ამ ყველაფრის მოყოლა მე მიწევს იმიტომ, რომ დღეს როგორც მიდის გამოძიება და როგორც იქცევა ზოგიერთი პროპაგანდისტული მედია, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის შესაბამისად გამოძიებას და ასევე, მიუთითებს, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული. ისინი იღებდნენ ვიდეოს ტელეფონით და ეს ჩანაწერი აღმოჩნდა ერთი ტელევიზიის ხელში, ამასთან ერთად, საერთოდ გაქრა კამერის ჩანაწერები და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა შერატონზე და მის მენეჯმენტზე, რომ ეს ყველაფერი გამქრალიყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს ყველაფერს, ვინ მონაწილეობდა, როგორ იყო ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი და შეკვეთილი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს სასაცილო მცდელობა ჩემი დაშინების ან განეიტრალების მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები პირველ ხაზზე ქართველ ხალხთან და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება და გჯეროდეთ, რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ". - თქვა გახარიამ.

15 იანვარს, ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტს, ზვიად ქორიძეს ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ .

შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები