აშშ-ჩინეთი

ფილიპინები აცხადებს, რომ აშშ-ს Typhon-ის სარაკეტო სისტემა ჯერჯერობით ქვეყანაში დარჩება

ამერიკული Typhon-ის სარაკეტო სისტემა
US Army

ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში 24 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ს არმიის Typhon-ის ტიპის სარაკეტო სისტემა ჯერჯერობით ფილიპინებში დარჩება.

23 იანვარს გავრცელდა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ აშშ-მ ფილიპინებში არსებული აეროდრომიდან Typhon-ის სარაკეტო სისტემის გამშვები დანადგარები ქვეყნის სხვა ნაწილში, ლუსონის კუნძულზე, გადაიტანა.

ედუარდო ანომ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ამერიკული სარაკეტო სისტემის გამშვები დანადგარები "ჯერჯერობით" ფილიპინების სანაპიროებზე დარჩება.

ამავე დღეს ქვეყნის არმიაში განაცხადეს, რომ საშუალო მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების მქონე გამშვები პუნქტების განლაგება თანხვედრაში იყო თავდაცვის მხრივ აშშ-სა და ფილიპინებს შორის არსებულ ხანგრძლივ კავშირებთან.

"[სარაკეტო სისტემის] განლაგების მთავარი მიზანი ფილიპინების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება, შეიარაღების მოწინავე სისტემებთან შეთავსებადობისა და მათი ათვისების გაუმჯობესება, ასევე რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერაა". - განაცხადა ქვეყნის შეიარაღებული ძალების სპიკერმა.

ფილიპინების ტერიტორიაზე ხსენებული სარაკეტო სისტემის განლაგებას მკაფიო კრიტიკა მოჰყვა ჩინეთის მხრიდან, როდესაც 2024 წლის აპრილში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს ისინი პირველად განალაგეს. 23 იანვარს ჩინეთმა ფილიპინებს რეგიონში დაძაბულობისა და დაპირისპირების შექმნაში დასდო ბრალი და "არასწორი მეთოდების გამოსწორებისკენ" მოუწოდა.

Typhon-ის სარაკეტო სისტემას მრავალი დანიშნულების მქონე რაკეტების, როგორიცაა Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტები, ათასობით კილომეტრის სიშორეზე გაშვება შეუძლია და მათი მეშვეობით ფილიპინებიდან როგორც ჩინეთში, ასევე რუსეთში სამიზნეებზე იერიშის მიტანაა შესაძლებელი.

გასული წლის 23 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ფილიპინებში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ ჩინეთიდან წამოსული პოტენციური საფრთხეებისგან ფილიპინებს დაიცავს. განცხადების გავრცელება მას შემდეგ მოხდა, რაც 22 ოქტომბერს ფილიპინებმა ჩინეთის სანაპირო დაცვა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინურ ხომალდთან მიზანმიმართულად შეჯახებაში დაადანაშაულა.

აშშ-მ და ფილიპინებმა 1951 წლის 30 აგვისტოს ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება გააფორმეს, რის მიხედვითაც, თუკი რომელიმე სხვა სახელმწიფო ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხმება, ორივე მხარე ვალდებულია ერთმანეთს თავდაცვაში დაეხმარონ.

კომენტარები