ინგლისი

ინგლისში საცეკვაო ღონისძიებაზე 3 გოგოს მკვლელს 52 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფოტოკოლაჟი: LBC

23 იანვარს ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ ლივერპულში სასამართლომ 3 გოგონას მკვლელს მინიმუმ 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

18 წლის აქსელ რუდაკუბანა დამნაშავედ ცნეს გასული წლის ივლისში ტეილორ სვიფტის საცეკვაო ღონისძიებაზე 3 მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში.

როგორც გამომცემლობა Deutsche Welle წერს, დამნაშავე სასამართლოს პროცესის შეწყვეტის მცდელობის გამო დარბაზიდან ორჯერ გააძევეს. მოსამართლე ჯულიან გუზმა 18 წლის აქსელ რუდაკუბანას ქმედებებს "ბოროტება" უწოდა.

რუდაკუბანამ სამი გოგონას — 6 წლის ბებე კინგის, 7 წლის ელსი დოტ სტანკომბის და 9 წლის ელის დასილვა აგიარის მკვლელობა 20 იანვარს აღიარა. 

მან ასევე აღიარა თავდასხმის დროს მკვლელობის მცდელობის 10 ბრალდება და სასიკვდილო საწამლავის - რიცინის წარმოება.

გარდა ამისა, ბრალდებულმა აღიარა, რომ ფლობდა ინფორმაციას, რომელიც, სავარაუდოდ, "სასარგებლო იქნებოდა ტერორისტული აქტის მოსამზადებლად". ეს უკავშირდება ალ-ქაიდას სავარაუდო სასწავლო სახელმძღვანელოს, რომელიც, რიცინთან ერთად, რუდაკუბანას საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, სადაც ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. მისი მშობლები წარმოშობით რუანდიდან არიან.

17 წლის თავდამსხმელი გასული წლის ივლისში საცეკვაო სკოლაში ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 3 გოგო, ხოლო მძიმედ დაშავდა 8 ბავშვი და ზრდასრული ადამიანი.

გოგონების მკვლელობას ინგლისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოყვა. 

ქალაქებში, მათ შორის, ლონდონში, ჰარტპულში, მანჩესტერსა და ალდერშოტში, საუთპორტში დანით თავდასხმის შემდეგ დაწყებული პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობრივი ჯგუფები სკანდირებენ ისლამოფობიურ სლოგანებს, რადგან თავდაპირველად გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი გაერთიანებულ სამეფოში ახლახან ჩასული თავშესაფრის მაძიებელი იყო.

4 აგვისტოს დილას, სამხრეთ იორკშირის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ როტერჰემში სასტუმრო Holiday Inn Express-ის წინ, რომელშიც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, შეიკრიბნენ როგორც მიგრაციის მოწინააღმდეგეები, ასევე მისი მომხრეებიც. გამართული საპროტესტო აქცია ძალადობრივ არეულობაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეები სასტუმროს ფანჯრებს აგურებსა და ქვებს ესროდნენ, რამდენიმე ფანჯარა ჩაიმტვრა. მონაწილეები ასევე დაუპირისპირდნენ პოლიციას, გადაკეტეს სასტუმროსკენ მიმავალი გზა და ცეცხლი წაუკიდეს შენობას, სადაც სასტუმროს ელექტროგენერატორი იყო მოთავსებული.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ბრიტანეთის ქალაქებში მიმდინარე პროტესტებს  "არა პროტესტი, არამედ ორგანიზებულ ძალადობა" უწოდა.

კომენტარები