21 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უზენაესმა სასამართლომ კახა მურადოვი სახელმწიფო ღალატსა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში სცნო დამნაშავედ და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურის მიხედვით, მურადოვი ოკუპირებული აფხაზეთის "მოქალაქეა" და მას ასევე აქვს საქართველოს პასპორტი.
მურადოვის დაკავებისა და დაკითხვის ვიდეო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის 14 მაისს გაავრცელა.
"24 აპრილს, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქალაქ გაგრაში, უსაფრთხობის სახელმწიფო სამსახურმა, საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი, აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქე კახა შოთას ძე მურადოვი დააკავა. საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის ჯაშუშურ საქმიანობაზე". – ამბობს ვიდეოს დასაწყისში მარიონეტული რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.
გარდა ამისა, მურადოვს გაგრის ბატალიონის ყოფილ მეთაურებთან, მხედრიონისა და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებთან აქტიურ კომუნიკაციაში ადანაშაულებენ.
როგორც თავად მურადოვი ვიდეოში ამბობს, ის საქართველოს შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, რომელიც სუს-ის დავალებით მოქმედებდა. მას აფხაზეთის ტერიტორიაზე შემომავალი რუსული სამხედრო ტექნიკისთვის უნდა ედევნა თვალი და მონაცემები ქართული მხარისთვის გადაეცა.





