გამოცემა Financial Times ორი დასავლეთის ქვეყნის უშიშროების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო კვირების მანძილზე ორი ირანული სატვირთო გემი, რომელიც რაკეტების საწვავისთვის საჭირო ქიმიური ინგრედიენტებით იქნება დატვირთული, ჩინეთიდან ირანში ჩავა.
Financial Times-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები - Golbon და Jairan - 1 000 ტონაზე მეტ ნატრიუმის პერქლორატს გადაზიდავენ, რომლითაც რაკეტების მყარი საწვავის დამზადებისთვის საჭირო მთავარი ინგრედიენტი, ამონიუმის პერქლორატი მიიღება.
ორი მაღალჩინოსნის თქმით, ნატრიუმის პერქლორატით 960 ტონამდე ამონიუმის პერქლორატის დამზადება შეიძლება. წყაროების ცნობით, ამ რაოდენობით 1 300 ტონამდე საწვავის წარმოება შეიძლება, რაც Kheibar Shekan-ის ტიპის ირანული საშუალო რადიუსის 260-მდე რაკეტისთვის იქნება საკმარისი.
მაღალჩინოსნებმა დაამატეს, რომ ქიმიური ნივთიერებები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის არის განკუთვნილი.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, გემი Golbon უკვე დატვირთეს 32 ცალი 6-მეტრიანი კონტეინერით, რომელიც ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, ხოლო მოსალოდნელია, რომ 22 კონტეინერით დატვირთული გემი Jairan ირანისკენ თებერვალში გაემართება. FT-ის ინფორმაციით, ორივე გემი ირანული კომპანიების მფლობელობაშია და ისინი ირანისკენ სამკვირიანი მოგზაურობის შესრულებას სხვა პორტებში შესვლის გარეშე აპირებენ.
მაღალჩინოსნების თქმით, Golbon ქიმიური ნივთიერებებით შანხაის ჩრდილოეთით მდებარე პორტ თაიცანგში დატვირთეს, საიდანაც ხომალდი სპარსეთის ყურეში მდებარე ირანული პორტისკენ, ბენდერ-აბასისკენ მიემართება.