გიორგი გახარიაზე თავდასხმა

სიჭინავა: შესაძლოა, გახარიაზე თავდასხმა შერატონის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული იყო

პარტია გახარია-საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმა, შესაძლოა, სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციასთან წინასწარ იყო შეთანხმებული. 

"სასტუმრო შერატონ ბათუმი გიორგი გახარიაზე პოლიტიკურ შურისძიებაში რეჟიმის თანამზრახველი აღმოჩნდა. მათი გულგრილობა უკვე ქართულ ოცნებასთან დანაშაულებრივ თანამზრახველობაშია გადაზრდილი, რაზეც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გარდაუვალი იქნება. სასტუმროს მოქმედებები აჩვენებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შესაძლოა, წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები შერატონის ადმინისტრაციასთან, რომ სასტუმროს კუთვნილ სივრცეში თავდასხმისთვის ჩასაფრება მოეწყობოდა. ამაზე ის ფაქტი მიუთითებს, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმამდე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის დაზარალებული მიზანმიმართულად მოაშორეს შემთხვევის ადგილს პოლიციის გამოძახების გარეშე, შეიარაღებული მოძალადეები კი ადგილზე დატოვეს და დაგეგმილი დანაშაულის განხორციელების შესაძლებლობა მისცეს, რა დროსაც სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ფაქტობრივად, უმოქმედოდ იდგნენ. სასტუმროს თავდასხმისთანავე მყისიერად არ გამოუძახებია პოლიცია და ადგილზე თითქმის 1 საათის დაგვიანებით მისულ პოლიციას დაუცველი, პერსონალის მიერ უკვე დასუფთავებული შემთხვევის ადგილი დაახვედრეს, მაშინ, როდესაც ამ ფაქტის გასაპროტესტებლად 18 იანვარს, შერატონში მოწყობილი მშვიდობიანი აქციისას, პოლიცია ადგილზე დაახლოებით 4 წუთში მობილიზდა. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო შერატონიდან უახლოესი პოლიციის განყოფილება 700 მეტრში მდებარეობს. შემთხვევის ადგილზე პოლიციის განზრახ, დაგვიანებით მისვლამ, თავდამსხმელებს ადგილიდან მიმალვის შესაძლებლობა მისცა". - განაცხადა სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავას თქმით, ისინი საკუთარი რესურსებით ატარებენ გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვებისა და დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით. 

"ერთი კვირაა რეჟიმის მიერ ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას ვითხოვთ, რომელსაც შერატონ ბათუმი აუხსნელი მიზეზებით თავს არიდებდა. როგორც ხედავთ, ეს იყო გამოძიებისა და სასტუმროს კოორდინირებული მოქმედება, რომ სამართალდამცავ ორგანოებს დრო მოეგოთ და შესძლებოდათ ჩანაწერებთან ერთად სრული სერვერული ინფრასტრუქტურა ამოეღოთ, რათა ეს კადრები ჩვენთვის ხელმიუწვდომელი გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ ამოღებულ ე.წ. ვინჩესტერებში უამრავი ადამიანის დიდი მოცულობის  პერსონალური ინფორმაციაც ინახება, რომლებიც ამ სასტუმროთი სარგებლობდნენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ სასტუმროს რეპუტაციაზე და იქ ყოფნის უსაფრთხოების რისკებზე, როგორც ფიზიკური, ასევე პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის კუთხით. ორგანიზებულ თავდასხმაში, მტკიცებულებების დამალვასა და განადგურებაში მონაწილე ვერცერთი პირი, ვერ შეძლებს დამალვას და პასუხისმგებლობისგან გაქცევას, რომელთაც პერსონალურად, სათითაოდ ვპირდებით, რომ ეს იქნება გარდაუვალი, მაგრამ აბსოლუტურად სამართლიანი. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ რესურსებით აქტიურად ვატარებთ გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვებისა და დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით" - თქვა სიჭინავამ.

15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ  ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად.

შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები