წყალქვეშა კაბელების დაზიანება ბალტიის ზღვაში

Washington Post: ბალტიის ზღვაში კაბელების დაზიანება ეკიპაჟების გამოუცდელობამ გამოიწვია

ნავთობის გადამზიდი ტანკერი, Eagle S
Pete Aarre-Ahtio / Ilta-Sanomat via REUTERS

Washington Post-ის გავრცელებული ინფორმაციით, ბალტიის ზღვაში ელექტრო და ტელეკომუნიკაციის კაბელების დაზიანება არა რუსული სპეცსამსახურების, არამედ გემების ეკიპაჟების გამოუცდელობით არის გამოწვეული. ინფორმაციას გამოცემა აშშ-სა და ევროპის უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ნოემბერში, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა საკომუნიკაციო და ელექტრო კაბელები დაზიანდა. 

26 დეკემბერს ფინეთმა ბალტიის ზღვაში ნავთობის გადამზიდი ტანკერი Eagle S დააკავა, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა. არსებობდა ეჭვი, რომ გემმა ღუზის ზღვის ფსკერზე გათრევით წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა.

ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს თანახმად, დაკავებული ტანკერის ეკიპაჟი 20 პირისგან შედგება, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან, ხოლო გემის კაპიტანი ასევე საქართველოს მოქალაქე, დავით ვადაჭკორიაა.

8 იანვარს, ფინეთის პოლიციამ ბალტიის ზღვის ფსკერზე ღუზა აღმოაჩინა, რომელმაც დიდი ალბათობით, წყლის ქვეშ მდებარე ელექტრო და ტელეკომუნიკაციის კაბელები დააზიანა

დასავლეთში არსებობს ეჭვი, რომ ევროპის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაზიანება, შესაძლოა, რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების ნაწილი იყო. ამის შედეგად, გასულ კვირას NATO-მ ბალტიის ზღვაში სათვალთვალო ოპერაციების დაწყება გამოაცხადა. 

Washington Post-ის ანონიმური წყაროს მიხედვით, აშშ-სა და ხუთამდე ევროპული სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურებმა ვერანაირი ნიშანი ვერ იპოვეს, რომ გემებმა, რომლებმაც კაბელები დააზიანეს, ამას რუსეთის დავალებით აკეთებდნენ.

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების მიხედვით, დღემდე მოპოვებული მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ ინციდენტები გემების გამოუცდელი ეკიპაჟების დაუდევრობით იყო გამოწვეული.

კომენტარები