წყალქვეშა კაბელების დაზიანება ბალტიის ზღვაში

დღეს ბალტიის ზღვაში დაკავებული გემის ქართველ კაპიტანი ფინეთში სასამართლოს წინაშე წარსდგება

ნავთობის გადამზიდი ტანკერი, Eagle S
ფინეთის სასაზღვრო პოლიცია via Yle.fi

დღეს, 25 აგვისტოს, დეკემბერში ბალტიის ზღვაში დაკავებული ნავთობმზიდი ტანკერის, Eagle S-ის კაპიტანი, დავით ვადაჭკორია და მისი პირველი და მეორე თანაშემწეები წყალქვეშა კაბელების გადაჭრასთან დაკავშირებით ფინეთში სასამართლოს წინაშე წარსდგებიან

შეგახსენებთ, რომ ფინეთის ეროვნული პროკურატურის ოფისმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ დეკემბერში ბალტიის ზღვაში დაკავებული ნავთობმზიდი ტანკერის, Eagle S-ის კაპიტანსა და მის პირველ და მეორე თანაშემწეებს წყალქვეშა კაბელების გადაჭრისთვის ბრალი წაუყენეს. 

პროკურატურის ცნობით, გემის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქე დავით ვადაჭკორია და ინდოეთის მოქალაქეებს ბრალად ედებათ გემის ღუზის ზღვის ფსკერზე დაახლოებით 90 კილომეტრის მანძილზე გათრევით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქონების განზრახ დაზიანება და დამამძიმებელ გარემოებებში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში ჩარევა.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქონების განზრახ დაზიანება 10 წლამდე ვადით პატიმრობას, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში ჩარევა 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

დაცვის მხარის წარმომადგენლები, რომლებსაც ფინეთის დატოვების უფლება არ აქვთ, უარყოფენ სამართალდარღვევის ჩადენას და მიიჩნევენ, რომ ფინეთს არ გააჩნია საქმეში იურისდიქცია, ვინაიდან ინციდენტი ფინეთის ტერიტორიულ წყლებს მიღმა მოხდა. 

ფინეთის ხელისუფლების თქმით, კუკის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა Eagle S-მა Estlink 2-ის წყალქვეშა ელექტრო კაბელი და კიდევ ოთხი ინტერნეტის კაბელი დააზიანა, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს ერთმანეთთან აკავშირებდა. 

"კაბელების მფლობელებს, სულ მცირე, 60 მილიონი ევროს ($70 მილიონი) მყისიერი ზარალი მიადგათ, მხოლოდ შეკეთების ხარჯების სახით," განაცხადა პროკურატურამ. 


ცნობისთვის, ფინეთმა ბალტიის ზღვაში ნავთობის გადამზიდი ტანკერი Eagle S გასული წლის 26 დეკემბერს დააკავა. გემს რუსული ნავთობი გადაჰქონდა და ეჭვობდნენ, რომ მან ღუზის ზღვის ფსკერზე გათრევით წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა.

მოგვიანებით, ფინეთის პოლიციამ ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა ღუზა, რომელმაც დიდი ალბათობით, წყალქვეშა ელექტრო და ტელეკომუნიკაციის კაბელები დააზიანა.

გამოძიების უფროსმა, რისტო ლოიმ Reuters-ს განუცხადა, რომ სანამ ფინეთი ხომალდს დააკავებდა, არსებობდა საფრთხე, რომ ის მეორე ელექტროსადენ Estlink 1-ს და ასევე BalticConnector-ის ბუნებრივი აირის მილსადენს დააზიანებდა.

"იქნებოდა თითქმის მყისიერი საფრთხე, რომ შესაძლოა დაზიანებულიყო სხვა კაბელები ან მილსადენები, რომლებიც ჩვენს კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურასთანაა კავშირში". - თქვა მან.

ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს თანახმად, დაკავებული ტანკერის ეკიპაჟი 20 პირისგან შედგებოდა, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეა გემის კაპიტანიც, დავით ვადაჭკორია.

ვადაჭკორიამ 3 იანვარს Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "პასუხი ყველაფერს მოგვიანებით გაეცემა". მისი თქმით, "გამოძიება კვლავ მიმდინარეობს" და დაამატა, რომ შემთხვევა "ჩვეულებრივი საზღვაო ინციდენტი იყო. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ პოლიციასთან კარგად ვთანამშრომლობთ".

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს თანახმად, Estlink 2-ის მუშაობის შეფერხების დროს ტანკერი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსების ადგილას იყო. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებგვერდ MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერი ელექტროსადენთან შესამჩნევად შენელდა, როცა მისი მუშაობა შეწყდა. 

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოცემა Lloyd's List-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტანკერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებულ კომპანიას, Caravella-ს ეკუთვნის და კომპანიის ფლოტის ერთადერთ გემს წარმოადგენს.

ცნობისთვის, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შედის უცნობი მფლობელების ძველი გემები, რომელთა ერთადერთ მიზანს სანქცირებული ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობის გადატანა წარმოადგენს. ასეთი გემები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად შეცდომაში შემყვან მეთოდებს იყენებენ. 

კომენტარები