ფინეთის პოლიციამ ბალტიის ზღვის ფსკერზე ღუზა აღმოაჩინა, რომელმაც დიდი ალბათობით, წყლის ქვეშ მდებარე ელექტრო და ტელეკომუნიკაციის კაბელები დააზიანა. ინფორმაციას შვედეთის სამხედრო საზღვაო ძალებიც ადასტურებს.
ღუზის აღმოჩენამდე, გამოძიება მუშაობდა ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, რუსული ტანკერის, Eagle S-ის ღუზა სადენებს გამოედო. ხომალდს შემოწმებისას ერთი ღუზა არ აღმოაჩნდა, გარდა ამისა ფსკერზე აღმოაჩინეს რამდენიმე კილომეტრის სიგრძის კვალი, რომელიც ღუზამ დატოვა.
"ადგილი, სადაც ღუზაა აღმოჩენილი, ემთხვევა Eagle S-ის მარშრუტს... ზღვაზე აღმოჩენილი თრევის კვალის დასავლეთ ბოლოს მიმართულებით". – წერია ფინეთის საგამოძიებო სახელმწიფო ბიუროს დასკნაში.
Eagle S-ის ღუზა 80 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს.
ხომალდის 8 წევრის წინააღმდეგ ფინეთის პროკურატურამ საქმე აღძრა, მათ ვანდალიზმსა და ტელეკომუნიკაციების სერიოზულ შეფერხებაში ედებათ ბრალი.
26 დეკემბერს ფინეთმა ბალტიის ზღვაში ნავთობის გადამზიდი ტანკერი Eagle S დააკავა, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა და ეჭვობენ, რომ გემმა ღუზის ზღვის ფსკერზე გათრევით წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა.
ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს თანახმად, დაკავებული ტანკერის ეკიპაჟი 20 პირისგან შედგება, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან, ხოლო გემის კაპიტანი ასევე საქართველოს მოქალაქე, დავით ვადაჭკორიაა.
მან Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "პასუხი ყველაფერს მოგვიანებით გაეცემა". მისი თქმით, "გამოძიება კვლავ მიმდინარეობს" და დაამატა, რომ შემთხვევა "ჩვეულებრივი საზღვაო ინციდენტი იყო. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ პოლიციასთან კარგად ვთანამშრომლობთ".
გამოძიების ეროვნული ბიუროს გამოძიების ხელმძღვანელის, სამი პაილას თქმით, Eagle S-ის ეკიპაჟის ზოგიერთი წევრი ეჭვმიტანილია, ზოგი თვითმხილველია, ზოგის სტატუსი კი გაურკვეველია. ამასთანავე, 3 იანვარს ფინეთის სასამართლომ უარყო ტანკერის გაშვების მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ მისი დაკავება ძალაში რჩება.
ამას გარდა, ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის, Estlink 2-ის დაზიანებასთან ერთად, მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ გემმა რამდენიმე წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელიც დააზიანა, რომელთაგან ორს ტელეკომუნიკაციების კომპანია, Elisa ფლობდა, ერთს - ჩინური ფირმა CITIC Telecom-ი, ერთს კი ფინეთის სახელმწიფო კომპანია, Cinia.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს თანახმად, Estlink 2-ის მუშაობის შეფერხების დროს ტანკერი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსების ადგილას იყო. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებგვერდ MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერი ელექტროსადენთან შესამჩნევად შენელდა, როცა მისი მუშაობა შეწყდა.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოცემა Lloyd's List-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტანკერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებულ კომპანიას, Caravella-ს ეკუთვნის და კომპანიის ფლოტის ერთადერთ გემს წარმოადგენს.
რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შედის უცნობი მფლობელების ძველი გემები, რომელთა ერთადერთ მიზანს სანქცირებული ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობის გადატანა წარმოადგენს. ასეთი გემები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად შეცდომაში შემყვან მეთოდებს იყენებენ.
გასულ თვეში ბალტიის ზღვაში ასევე დაზიანდა ორი ტელეკომუნიკაციის კაბელი. მაშინ ეჭვები ჩინურმა ხომალდმა Yi Peng 3-მა გამოიწვია, რომელიც რუსული პორტიდან ეგვიპტის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ორივე დაზიანებულ წყალქვეშა კაბელთან ახლოს გაცურა. დაზვერვის ღია წყაროების ექსპერტების ცნობით, მომხდარის შემდეგ სატვირთო გემს დანიის საზღვაო ძალები აედევნა.