წყალქვეშა კაბელების დაზიანება ბალტიის ზღვაში

ესტონეთმა ბალტიის ზღვაში რუსეთისკენ მიმავალი ტანკერი დააკავა

Eagle S ტანკერი
Hannes van Rijn / MarineTraffic

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კრისტენ მიხალის თქმით, ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა 11 აპრილს რუსეთისკენ მიმავალი ტანკერი Kiwala დააკავა.

მისი თქმით, სამართალდამცავები გემზე მისი სამართლებრივი სტატუსისა და უსაფრთხოების მდგომარეობის შესამოწმებლად ავიდნენ. 

"ესტონეთი ძალიან სერიოზულად ეკიდება საეჭვო საქმიანობას ბალტიის ზღვაში". - წერს კრისტენ მიხალი პლატფორმა X-ზე.

მანამდე, 30 იანვარს, ბალტიის ზღვის წყალქვეშა კაბელების დაზიანებაში ეჭვმიტანილი ნორვეგიული მფლობელობის ქვეშ მყოფი გემი Silver Dania დააკავეს, რომელზეც რუსი ეკიპაჟის წევრები იმყოფებიან.

პოლიციის ცნობით, ნორვეგიაში დარეგისტრირებული გემი სანქტ-პეტერბურგიდან მურმანსკისკენ მიცურავდა და ეჭვობენ, რომ ის ლატვიისა და შვედეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სერიოზულ დაზიანებაში იყო გარეული.

ასევე 27 იანვარს ბალტიის ზღვაში ლატვიასთან საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემი შვედეთის ხელისუფლებამაც დააკავა. შვედური მხარის თქმით, პირველადი გამოძიება საბოტაჟის ნიშნებზე მიუთითებს და დაამატეს, რომ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო, რომელშიც შვედეთის პოლიცია, სამხედრო ძალები და სანაპირო დაცვა არიან ჩართული.

ლატვია-შვედეთის დამაკავშირებელი კაბელი 26 იანვარს დაზიანდა და ფიქრობდნენ, რომ დაზიანება "გარე გავლენით" იყო გამოწვეული. ამასთანავე, BBC წერს, რომ ეს სავარაუდო თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ნატომ ბალტიის ზღვაში ახალი მისია "ბალტიის გუშაგი" დაიწყო.

ბოლო პერიოდში NATO-მ ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელებზე თავდასხმების აღკვეთისა და მსგავსი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით რეგიონში უსაფრთხოების ზომების გაზრდა დაიწყო.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 14 იანვარს განაცხადა, რომ თავდაცვითი ალიანსი ბალტიის ზღვაში პროგრამა Baltic Sentry-ს იწყებს, რაც რეგიონში სხვადასხვა საშუალები, მათ შორის, საესკადრო ნაღმოსანი გემების, საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავისა და "საზღვაო დრონების მცირე ზომის ფლოტის", განთავსებას გულისხმობს.

კომენტარები