ირანი

თეირანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა

18 იანვარს, თეირანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 2 უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მოჰამედ მოღისე და ალი რაზინი დაიღუპა.

თავდასხმა უზენაესი სასამართლოს შენობასთან მოხდა და Deutsche Welle-ის მიხედვით, თავდამსხმელმა 3 მოსამართლეს მოკვლა სცადა. ასევე, გამოცემის მიხედვით, თავდამსხმელმა ადგილზე თავი მოკლა.

"სამიზნე უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე იყო. მათგან ორი მოწამეობრივად დაიღუპა, ერთი კი დაშავდა". - ნათქვამია ირანის უზენაესი სასამართლო ვებგვერდზე.

Deutsche Welle-ის მიხედვით, ჯერ-ჯერობით თავდასხმის მოტივი გაურკვეველი რჩება.

ირანის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოს, Mizan-ის ცნობით, თავდასხმისას დაცვაც დაშავდა,

Mizan-ის განცხადებაში თავდასხმა დაგეგმილ მკვლელობად არის მოხსენიებული. 

ამასთან, საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, პირველადი გამოძიებით, თავდამსხმელი უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებში არ ფიგურირებდა. 

ორივე მოსამართლეს თანამდებობა ათწლეულების განმავლობაში ეკავა და აქციის მონაწილეების, ხელოვანებისა და აქტივისტების გასამართლებაში მონაწილეობდნენ

2019 წელს აშშ-მ მოღისეჰს სანქციები დაუწესა "უამრავი უსამართლო სასამართლოს [განხილვისთვის], რომელთა ფარგლებშიც ბრალდებები დაუსაბუთებელი, მტკიცებულებები კი უგულებელყოფილი იყო". მანამდე, 2011 წელს მოღისეჰის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა მიიღო. 

ერთ-ერთ შემთხვევაში მოღისეჰმა Facebook-ის 8 მომხმარებელს რეჟიმის საწინააღმდეგო საჯაროობისთვისა და რელიგიის შეურაცხყოფისთვის ჯამში 127 წლით პატიმრობა განუსაზღვრა, 2019 წელს ცნობილი ირანის უფლებადამცველი, ნასრინ სოტოუდეჰს კი 33 წლით პატიმრობა და 148 როზგი მიუსაჯა. 

1999 წელს რაზინი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. ირანის ყოფილ პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისისთან ერთად მას 1988 წელს ათასობით პოლიტიკური პატიმრის გასამართლებასა და სიკვდილით დასჯაში სდებენ ბრალს. 

კომენტარები