ივანიშვილის რეჟიმი

მიხაილ როთი გვპასუხობს, რა შეცდომა დაუშვა გერმანიამ ივანიშვილის შეფასებისას

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაილ როთს, ტაბულამ ჰკითხა, დაუშვა თუ არა გერმანიის მთავრობამ შეცდომა ქართული ოცნების მთავრობის ბუნების შეფასებაში და რამდენად წაახალისა ან, სულ მცირე, ვერ აღკვეთა, რეჟიმთან მათი თანამშრომლობის გარკვეულმა ფორმებმა საქართველოს გადახრა ავტორიტარიზმისკენ.

როთის თქმით, მათი შეცდომა იყო ვერ გააზრება, რომ ოლიგარქის ხელში მყოფი პარტია ვერასდროს იქნებოდა თანხმობაში დემოკრატიის მაღალ სტანდარტთან.

გერმანელი პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ წარსულში ქართული ოცნება იმავე პარტიათა ოჯახს ეკუთვნოდა, რომელშიც მისი "გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიაა".

(ცნობისთვის, "ევროპელი სოციალისტების პარტიის" წევრობა ქართულ ოცნებას 2023 წლის 29 ივნისს შეუჩერეს და მასთან ყველანაირი ურთიერთობა.)

"ჩვენი შეცდომა იყო, რომ არ გვესმოდა - ოლიგარქის ხელში მყოფი პარტია ვერასდროს დაუახლოვდება დემოკრატიისა და მრავალფეროვნების ჩვენს ძალიან მაღალ სტანდარტს. გარკვევით მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნება ჩემი პარტიის ოჯახიდან მოდის, ჩვენ მათთან კარგი თანამშრომლობა გვქონდა, ისინი ჩვენს პარტიულ ყრილობებს ესწრებოდნენ, ევროკავშირში ქართული ოცნება იყო პროგრესისტების, სოციალ-დემოკრატებისა და სოციალისტების პარტნიორი. ეს დაიწყო 2012 წელს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახარებდა ზოგიერთ პოზიტიური ნაბიჯი და გვქონდა აღქმა, რომ ამ პარტიას სურდა და მზად იყო, ქვეყანა სწორი მიმართულებით წაეყვანა. მაგრამ როცა მე აქ ვიყავი, წინა თანამდებობაზე ყოფნის დროს, ევროპაში სახელმწიფო მინისტრის რანგში, არასდროს დამავიწყდება, პარლამენტის აივანზე მდგარი კოლეგების ნათქვამი: "შეხედეთ ამ უზარმაზარ შუშის შენობას მთის თავზე, მას ვერასდროს შეხვდებით, მაგრამ ის ყველაზე მნიშვნელოვანი კაცია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს პრემიერმინისტრი ან პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ივანიშვილი დომინანტი ფიგურაა და ის, ცხადია, ძალიან მდიდარია”.

ქართული ოცნებას ჩვენ შანსი მივეცით… მაგრამ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც მოითხოვა ისინი გაგვეყარა ჩვენი სოციალ-დემოკრატიული ოჯახიდან, რადგან სხვა მრავალთან ერთად მივხვდი, რომ მათ საქმეს თქვენს ქვეყანაში არაფერი აქვს საერთო პროგრესისტულ ან სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკასთან, ან პოლიტიკასთან, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ ღირებულებებთან. ასე რომ, ალბათ, რაც ჩვენ არასათანადოდ შევაფასეთ, იყო პარტიის სტრუქტურა. არასათანადოდ შევაფასეთ ბატონი ივანიშვილის როლი. ეს არის თვითკრიტიკის ნაწილი, რა თქმა უნდა, და ჩვენ ალბათ საკმარისი არ ვიცით რუსული პოლიტიკის შესახებ… არასათანადოდ შევაფასეთ სხვა მრავალიც". - გვითხრა როთმა.

ის “გლობალური ომის პარტიის” შესახებ ქართული ოცნების პროპაგანდასაც შეეხო.

"ჩვენ ზედმეტად ჩუმი ვიყავით, როცა რეჟიმი გლობალური ომის პარტიის შესახებ ლაპარაკს იწყებდა. უნდა გვეპასუხა ძალიან გარკვევით და მარტივად: " სავსებით მართლები ხართ! მეტად დათანხმება შეუძლებელია! არსებობს გლობალური ომის პარტია და მისი სახელია რუსეთი!". რუსეთია ერთადერთი გლობალური ომის პარტია და ეს გლობალური ომის პარტია დიდი საფრთხეა არა მხოლოდ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, რომელსაც მშვიდობა და თავისუფლება უყვარს, ასევე საფრთხეა ჩვენთვისაც და, ვფიქრობ, ეს დისკუსია, ან ეს ნარატივი "გლობალური ომის პარტიის" შესახებ არასათანადოდ შევაფასეთ". - თქვა მან.

ამას გარდა, როთმა კრემლისა და, ზოგადად, ავტოკრატიული ან დიქტატორული რეჟიმების დეზინფორმაციის კამპანიებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი საკმაოდ წარმატებულები არიან საკუთარი პროპაგანდის გავრცელებაში. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა გერმანიასა და ევროკავშირშიც მოქმედებს.

"მაგრამ ეს ზოგადი პრობლემაა, და, მოკლედ რომ ვთქვა, ავტოკრატიები, დიქტატურები, არამარტო კრემლი, უფრო მეტად დახელოვნებულნი არიან დეზინფორმაციის კამპანიების გავრცელებაში, ვიდრე - ჩვენ, რადგან პროპაგანდას ჩვენ საპირისპირო პროპაგანდით არ ვპასუხობთ. არა! ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მედია პლურალიზმისთვის მუშაობა, რათა სხვა არგუმენტები მოსმენილი იყოს. ჩვენი წარსული შეცდომებისგან უნდა ვისწავლოთ და არც ისე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი და გერმანია საკმარისად გამძლეები არიან. არ უნდა დავიჯეროთ, რომ ყველა გერმანელმა იცის რა ხდება სინამდვილეში, პუტინის პროპაგანდა იყო და ჯერ კიდევ არის ძალზე წარმატებული ჩემს ქვეყანაშიც". - თქვა როთმა.

როთმა ჩამოთვალა რუსული პროპაგანდის ის მთავარი ნარატივები, რომელიც ამტკიცებს, რომ თითქოს NATO-მ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები უგულებელყო; რომ ჯორჯ სოროსი როთისნაირ პირებს სახელმწიფო გადატრიალებისთვის აფინანსებს; რომ დასავლეთში დემოკრატიულად არჩეულ პოლიტიკოსებს პატივს არ სცემენ; ან რომ მთელი დასავლეთ ევროპა პუტინის უკანა ეზოა.

"ბოდიში, მაგრამ მე მთელ ჩემს ცხოვრებაში არასდროს მივიღებ ამას, რადგან თუკი მეტყვით, ხალხი მეტყვის: "მაპატიე, მაგრამ ჩვენ თქვენ აქ არ გვჭირდებით, რადგან არ გვჯერა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის, ჩვენ არ გვინდა ამ გზით წასვლა, რადგან ეს ძალიან უსწორმასწორო, ძალიან გრძელი და დამღლელი გზაა" - მე მომიწევს, რომ ამას პატივი ვცე". - ამბობს როთი. 

იგი ხაზს უსვამს, რომ "ბრიუსელში ან ბერლინში არავინ აძალებს საქართველოს ან აქ მყოფ ლიდერებს შემოერთებას”. როთის თქმით, თუკი ხალხი იტყვის, რომ მათ რუსეთთან უფრო ახლოს ყოფნა სურს, "ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ, არაფერი მოხდება. მე იმედგაცრუებული ვიქნები, მაგრამ ეს თავისუფალი და სუვერენული გადაწყვეტილება იქნება სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან. ერთადერთი რეჟიმი, რომელიც თქვენს რეჟიმზე ზეწოლას ცდილობს, რუსეთია, შესაძლოა, ჩინეთიც".

კომენტარები