შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა თქვა, რომ ჰიბრიდული თავდასხმების გათვალისწინებით, შვედეთი ომში არ არის, მაგრამ არც მშვიდობა აქვს.
ამის შესახებ კრისტერსონმა თავდაცვის საკითხების შესახებ გამართული კონფერენციის გამხსნელ დღეს ისაუბრა.
კრისტერსონმა აღნიშნა, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა შეუძლებელია თავისუფლების გარეშე და ქვეყნებს შორის კონფლიქტის დროს. მისივე თქმით, მათ, ვისაც სურთ მშვიდობა, "ომისთვის უნდა იყვნენ მზად".
"ჭეშმარიტ მშვიდობას სჭირდება თავისუფლება და ქვეყნებს შორის სერიოზული კონფლიქტის არარსებობა, თუმცა, ჩვენ და ჩვენი მეზობლები ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშ ვართ მოქცეულები, რომლებიც არა რობოტებით ან ჯარისკაცებით, არამედ კომპიუტერებით, ფულით, დეზინფორმაციით და საბოტაჟის რისკით ხორციელდება". - თქვა კრისტერსონმა.
შვედეთის პრემიერმინისტრმა ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანებაზე ილაპარაკა და თქვა, რომ "მტრული განზრახვა ვერ გამოირიცხება".
კრიტერსონმა თქვა, რომ 14 იანვარს ბალტიის ზღვის მთავრობებსა და სახელმწიფოს მეთაურებს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში შეხვდება. მისივე თქმით, "არასერიოზულად არ ადანაშაულებენ", მაგრამ ყველანი ამას "სერიოზულად აღიქვამენ".
"შვედეთს ნაჩქარევი დასკვნები არ გამოაქვს და ძალიან მტკიცე მიზეზების გარეშე არავის საბოტაჟში არ ადანაშაულებს. მუშაობა გრძელდება და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეგულარულად მიეწოდება ინფორმაცია. [...] თუმცა, არც გულუბრყვილოები ვართ. უსაფრთხოების ვითარება და ფაქტი, რომ ბალტიის ზღვაში ისევ და ისევ უცნაური რაღაცები ხდება ასევე გვაფიქრებინებს რომ მტრული განზრახვები ვერ გამოირიცხება. [...] მცირე მტკიცებულებები არსებობს, რომ გემი შემთხვევით და ამის შემჩნევის გარეშე 300 მეტრის ღუზას 100 კილომეტრის მანძილზე ათრევდა იმის გააზრების გარეშე, რომ ეს დაზიანებას გამოიწვევდა". - თქვა კრისტერსონმა.
მოგვიანებით, კრისტერსონმა ბალტიის ზღვაში საომარი გემების გაგზავნის გადაწყვეტილება გამოაცხადა. შვედეთი ადგილზე კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის მეთვალყურეობისთვისა და NATO-ს ძალისხმევის მხარდასაჭერად სამ საომარ გემსა და სადაზვერვო თვითმფრინავებს გაგზავნის.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შვედეთი შეიარაღებულ ძალებს ჩვენივე უშუალო ტერიტორიაზე აწვდის". - თქვა კრისტერსონმა.
შვედეთის პრემიერმა ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროსადენის დაზიანების საქმეზე გემ Eagle S-ის გამოძიებასთან დაკავშირებით თქვა, რომ NATO დასახმარებლად მზად არის და ადგილზე შვედური წყალქვეშა ნავია მობილიზებული, რომელმაც ღუზა მოიპოვა.
კრიტერსონის თქმით, შვედეთში NATO-ს წევრობის მხარდაჭერა მიუთითებს, რომ "შვედეთი შეიცვალა" და "განზე მდგომი ცისფერთვალება იდეალისტი" აღარ არის, არამედ "მოვლენების ცენტრში მყოფი რეალისტი" გახდა.
შვედეთის პრემიერმინისტრის თქმით, შვედეთს თავისი მშპ-ს 2.4% NATO-სთვის აქვს გამოყოფილი, რაც 3 წელიწადში 2.6%-მდე გაიზრდება.
26 დეკემბერს ფინეთმა ბალტიის ზღვაში ნავთობის გადამზიდი ტანკერი Eagle S დააკავა, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა და ეჭვობენ, რომ გემმა ღუზის ზღვის ფსკერზე გათრევით წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა.
ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს თანახმად, დაკავებული ტანკერის ეკიპაჟი 20 პირისგან შედგება, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან, ხოლო გემის კაპიტანი ასევე საქართველოს მოქალაქე, დავით ვადაჭკორიაა.
მან Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "პასუხი ყველაფერს მოგვიანებით გაეცემა". მისი თქმით, "გამოძიება კვლავ მიმდინარეობს" და დაამატა, რომ შემთხვევა "ჩვეულებრივი საზღვაო ინციდენტი იყო. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ პოლიციასთან კარგად ვთანამშრომლობთ".
გამოძიების ეროვნული ბიუროს გამოძიების ხელმძღვანელის, სამი პაილას თქმით, Eagle S-ის ეკიპაჟის ზოგიერთი წევრი ეჭვმიტანილია, ზოგი თვითმხილველია, ზოგის სტატუსი კი გაურკვეველია. ამასთანავე, 3 იანვარს ფინეთის სასამართლომ უარყო ტანკერის გაშვების მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ მისი დაკავება ძალაში რჩება.
ამას გარდა, ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის, Estlink 2-ის დაზიანებასთან ერთად, მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ გემმა რამდენიმე წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელიც დააზიანა, რომელთაგან ორს ტელეკომუნიკაციების კომპანია, Elisa ფლობდა, ერთს - ჩინური ფირმა CITIC Telecom-ი, ერთს კი ფინეთის სახელმწიფო კომპანია, Cinia.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს თანახმად, Estlink 2-ის მუშაობის შეფერხების დროს ტანკერი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსების ადგილას იყო. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებგვერდ MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერი ელექტროსადენთან შესამჩნევად შენელდა, როცა მისი მუშაობა შეწყდა.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოცემა Lloyd's List-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტანკერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებულ კომპანიას, Caravella-ს ეკუთვნის და კომპანიის ფლოტის ერთადერთ გემს წარმოადგენს.
რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შედის უცნობი მფლობელების ძველი გემები, რომელთა ერთადერთ მიზანს სანქცირებული ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობის გადატანა წარმოადგენს. ასეთი გემები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად შეცდომაში შემყვან მეთოდებს იყენებენ.
გასულ თვეში ბალტიის ზღვაში ასევე დაზიანდა ორი ტელეკომუნიკაციის კაბელი. მაშინ ეჭვები ჩინურმა ხომალდმა Yi Peng 3-მა გამოიწვია, რომელიც რუსული პორტიდან ეგვიპტის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ორივე დაზიანებულ წყალქვეშა კაბელთან ახლოს გაცურა. დაზვერვის ღია წყაროების ექსპერტების ცნობით, მომხდარის შემდეგ სატვირთო გემს დანიის საზღვაო ძალები აედევნა.