ტაბულა ბოდიშს იხდის არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო.
გუშინ, 12 იანვარს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც რესტორან ბაბილოდან გამოსული მამაკაცი აქციის მონაწილეებს მოსამართლე ჰგონიათ, ის კი ამბობს, რომ მზარეულია და "ცივებშია".
ტაბულამ ვიდეო მოქალაქე ციცია ჯაფარიძეზე დაყრდნობით გაავრცელა, ციტირების გარეშე მიუთითა მისი აღწერა და დაწერა, რომ გამოსული კაცი კორპორაციულ წვეულებაზე მყოფი ერთერთი მოსამართლე იყო. მოგვიანებით დადასტურდა, რომ სოსო ასანიძე რესტორან ბაბილოს თანამშრომელია. ეს კადრებში ასახული კაცის ცოლმა ტაბულასაც დაუწერა და ვიდეოს ავტორსაც მისწერა.
"მომწერა ამ კაცის მეუღლემ და მთხოვა ვიდეოს აღება. ეს კაცი არის სოსო ასანიძე, რომელიც მუშაობს რესტორან ბაბილოს მომარაგებაში (მზარეული არ არის). პ.ს. ვიდეო ატვირთულია აქციიდან, სანამ ამ პიროვნების ვინაობას დავადგენდი, მეუღლემ მომწერა დღეს. გვარი რომ ეთქვა, არც ეს ვიდეო მოხვდებოდა აქ' - წერს ვიდეოს ავტორი, ციცია ჯაფარიძე Facebook-ზე.
ტაბულა ბოდიშს უხდის მკითხველს, სოსო ასანიძეს და მის ოჯახს არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო.