11 იანვარს, პოლიციამ შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით დააკავა.
მოქალაქე ნინო კალანდიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნაცემი ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და მას, სავარაუდოდ, ნერვული შეტევის გამო, ექიმები დახმარებას არ უწევდნენ. დაკავებულის მოსანახულებლად კლინიკაში მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.
12 იანვარს გია ჯვარშეიშვილის ადვოკატმა ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, რომ "ოფიციალური შედეგების მიხევდით, მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, დაახლოებით, დილის 4 საათისთვის. დღეის მდგომარეობით გვაქვს სიახლეები, გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ აქვს ე.წ. ტვინის შერყევა, ამიტომ ველოდებით დამატებით კვლევებს. შესაბამისად, ის ამ ეტაპზე, ისევ რჩება საავადმყოფოში, არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა ის ისევ არის დაკავებული. პოლიცია არ იღებს გადაწყვეტილებას ე.წ. ხელწერილით გათავისუფლების თაობაზე”.
გია ჯვარშეიშვილი 1-ელ დეკემბერსაც დააკავეს. ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეები, ჯვარშეიშვილიც რეჟიმის მხრიდან წამების მსხვერპლი გახდა.





