კრიმინალი

სვანეთში გაუჩინარებული კაცის ცოლი თავდასხმის დეტალებს ჰყვება

5 იანვარს ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრას მიმდებარედ, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები უცხოელ წყვილს თავს დაესხნენ. კაცს ამ დრომდე ეძებენ. მისი ნათესავები დაზარალებული ქალის ნაამბობს ასაჯაროებენ.

თავდასხმის მსხვერპლის მონაყოლიდან ირკვევა, რომ წყვილს, რომლებიც "შკოდას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, გზაში რამდენჯერმე შეხვდნენ სავარაუდო თავდამსხმელებს, რომლებიც თეთრი "სუბარუს" მარკის ავტომობილით მოძრაობდნენ. ამ ავტომობილით თავდამსხმელებმა ნაწილობრივ გადაუკეტეს გზა წყვილს, რის გამოც უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი მათთან სასაუბროდ ავტომობილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ იარაღიდან ორი გასროლა გაიგონა და თავად მამაკაცი აღარ დაუნახავს.

თეთნდულდისკენ მივდიოდით, როცა გათოვდა. გვირაბთან გავჩერდით, თოვლისთვის რომ შეგვეხედა, ვიდეო გადავიღეთ. პირველად ჩვენთან ახლოს მოვიდნენ, გაჩერდნენ და იკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა. ვუთხარით არა, მადლობა, უბრალოდ ფოტოებს ვიღებთ-მეთქი და წავიდნენ. შემდეგ მათ გადავუსწარით. გზის პირას იდგნენ. გზაზე გაჭედილი მაქნანა შეგვხვდა, ვიტიამ ისინი ბუქსირით ამოიყვანა. ამ მომენტში თეთრმა სუბარუმ ჩაგვიარა, ამჯერად აღარ გაჩერებულა.

როდესაც ვიტიამ შორიდან შეამჩნია, რომ ისინი შუა გზაზე იდგნენ, მთხოვა, სანივთე უჯრიდან დანა მიმეწოდებინა. შეჩერდა, გადავიდა და ჰკითხა, რა მოხდაო. 

მათ ჰაერის ტუმბო სთხოვეს. ამოიღო და მისცა. შემდეგ რაღაც კონფლიქტი დაიწყო. ისინი ამბობდნენ, მობილურები მოგვეცით, ფოტოებს რატომ გვიღებდითო. [რედ. - მანქანაში] შემოძვრა და ვიტიას ერთი ტელეფონი აიღო. მან (ვიქტორმა) მათ სთხოვა, რომ მე არ შემხებოდნენ. კიდევ შემოძვრა და მეორე ტელეფონი აიღო. შემდეგ მათ შორის დიალოგი დაიწყო, მხოლოდ ვიქტორის ხმა მესმოდა. ეუბნებოდა, რომ არ შეხებოდნენ. შემდეგ იყო ორი გასროლა, ვერ დავინახე რა მიმართულებით და ვერც ვიქტორს ვხედავდი. ჩემთან [რედ. - თავდამსხმელი] პისტოლეტით მოვიდა, მომიშვირა და მობილურის მიცემა მომთხოვა, არც დამლოდებიან, ორივე [თავდამსხმელი] ჩვენს მანქანაში ჩასხდა და პირდაპირ სვლა გააგრძელეს, შემდეგ, უკან რომელიც იჯდა, [მანქანიდან] ჩამოვიდა. ჩვენ წინსვლა გავაგრძელეთ. შემდეგ სუბარუ მოგვიახლოვდა, რომელიც ჩვენი მანქანის საჭესთან იჯდა შემობრუნდა, გადავიდა [მანქანიდან] და სუბარუში ჩაჯდა. 10 წუთით წავიდნენ, ამ დროს მე 112-ზე დავრეკე. მოვასწარი მეთქვა, რომ მესტიამდე დაახლოებით ერთი საათის გზა გვქონდა დარჩენილი, ჩვენი მანქანის ნომერი ვუთხარი და ყველაფერი ავუხსენი.

მანქანაში შიგნიდან ჩავიკეტე, ისინი დაბრუნდნენ და ფანჯრების ჩამსხვრევა დაიწყეს. მანქანა გავაღე. მითხრეს უკან გადავმჯდარიყავი, გადავჯექი და ჩუმად დავიძარით. ვთხოვდი გავეშვით, არ დავეხოცეთ. მან მითხრა, თქვენს დახოცვას არავინ აპირებსო. მივედით მაღლობამდე, რომელზე ასვლაც სურდათ. შკოდათი ვერ შეძლო, სუბარუ უკვე წინ იყო წასული. შემდეგ უკან დაიხია, ჩვენი მანქანიდან სუბარუში გადაჯდა და წავიდნენ. მაშინ მე მობილურის ამოღება შევძელი და კიდევ ერთხელ დავრეკე 112-ზე. ორი ჩამვლელი მანქანა გავაჩერე. შემდეგ მოვიდა პოლიცია. ეგრევე მოვიდა [პოლიციელების] პიკაპები ავტომატებით და ეს ყველაფერი გრძელდება მას შემდეგ. 

პოლიცია თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებს. გამოძიება 179-ე მუხლით (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები