ამერიკელი ბიზნესმენი და ბოლო პერიოდში ტრამპის ახლო მოკავშირე ილონ მასკი X-ზე წერს, რომ დიდი ბრიტანელი პარლამენტარისა და პოლიტიკოსის ნაიჯელ ფარაჟის ნაცვლად "რეფორმების პარტიის" ლიდერის თანამდებობაზე სხვა ადამიანია საჭირო.
"რეფორმების პარტიას ახალი ლიდერი სჭირდება. ფარაჟს საჭირო უნარები არ აქვს". - წერს მასკი მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების მანძილზე იგი X-ზე "რეფორმების პარტიასთან" დაკავშირებით პოზიტიურად საუბრობდა და დეკემბერში პარტიის ლიდერს, ფარაჟსაც შეხვდა.
17 დეკემბერს შეხვედრის შემდეგ ფარაჟმა მასკთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, წარწერით "ბრიტანეთს რეფორმა სჭირდება", რასაც მასკმა უპასუხა: "აბსოლუტურად". ამ პერიოდში მედიაში ასევე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ მასკი "რეფორმების პარტიაში" დიდი ოდენობის ფულადი შემოწირულების გაკეთებას აპირებდა, თუმცა ამ ცნობებს ფარაჟმა "გაზვიადებული" უწოდა.
3 იანვარს ფარაჟმა მასკს "გმირი" უწოდა და ამბობდა, რომ იგი ძალიან კმაყოფილია, რომ მასკი მის პარტიას უჭერს მხარს. ილონ მასკი X-ზე ბოლო დღეებში მკვეთრად აკრიტიკებდა ბრიტანეთის ამჟამინდელ პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს და უსაფრთხოების მინისტრს ჯეს ფილიპს, რადგან, მისი თქმით, მათ ვერ შეძლეს გაესამართლებინათ "გაუპატიურებაზე პასუხისმგებელი დაჯგუფებები", როდესაც სტარმერს სისხლისსამართლებრივი დევნის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
თუმცა, ფარაჟსა და მასკს შორის ბოლო უთანხმოება ბოლო დღეებში გამოიკვეთა, როდესაც მასკმა ბრიტანელი ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა. რობინსონი სასამართლოს უპატივცემულობის გამო 18 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მასკმა ციხიდან მისი გათავისუფლება მოითხოვა. ამ საკითხზე ფარაჟმა განაცხადა, რომ რობინსონი "ის არ არის, რაც ჩვენ გვჭირდება".