უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს, რომლებიც ნოემბერსა და დეკემბერში პარლამენტთან მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმები დააკისრა, მიგრაციის დეპარტამენტი საქართველოდან აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევა. გაძევების პროცედურის ფარგლებში, ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან იძულების წესით გააძევეს.
შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბერში საქართველოდან გააძევეს: ირანის; ალჟირის; ინდოეთის; მაროკოს; შრი-ლანკის; ეგვიპტის; პაკისტანის; ნიგერიის; ერაყის; თურქეთის; აზერბაიჯანის; რუსეთის; თურქმენეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები - ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა". - წერია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, 2024 წლის მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან სულ უცხო ქვეყნის 430 მოქალაქე გააძევა.
38-ე დღეა, საქართველოს პარლამენტთან აქცია იმართება. მოქალაქეები ქართული ოცნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ - ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.





