რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა უკრაინის მიერ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის პასუხისმგებლობა სრულიად ეკისრება აშშ-ს, უკრაინის ხელისუფლებასა და ევროპის სახელმწიფოებს.
"რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის პასუხისმგებლობა მთლიანად და სრულიად ეკისრება აშშ-ს, კიევის მარიონეტულ რეჟიმს და ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებმაც საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა ამერიკის ეკონომიკის ფინანსურ მხარდაჭერას შესწირეს" - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ზახაროვა ასევე ამბობს, რომ "უკრაინული კრიზისის მთავარი სპონსორი არის აშშ".
"კიევის რეჟიმის გადაწყვეტილების გეოპოლიტიკური საფუძველი ზედაპირზეა. ენერგეტიკული ბაზრის რესტრუქტურიზაციისა ძირითადი ბენეფიციარი და უკრაინული კრიზისის მთავარი სპონსორი არის აშშ" - წერია განცხადებაში.
უკრაინამ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტი პირველი იანვრის დილით სრულად შეწყვიტა, "როგორც ეს დაგეგმილი იყო".
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი 2019 წლის ბოლოს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ხდებოდა, 1 იანვარს კი ვადა ამოიწურა და უკრაინამ მის გაგრძელებაზე უარი თქვა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებისა და პარტნიორების ცინიკურად დაშანტაჟების შედეგად, რუსეთმა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი დაკარგა. მისი თქმით, უკრაინის გავლით ევროპისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების ნულამდე დაყვანა მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი მარცხია.