უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, უკრაინამ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტი პირველი იანვრის დილით სრულად შეწყვიტა, "როგორც ეს დაგეგმილი იყო".
"ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დილის 07:00 საათზე უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანსპორტირება შეწყდა. უკრაინამ დადგენილი წესით აცნობა ამის შესახებ უცხოელ პარტნიორებს". - წერია უწყების განცხადებაში.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშენკოს შეფასებით, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა "ისტორიული მოვლენაა".
"ჩვენ შევწყვიტეთ რუსული გაზის ტრანზიტი, ეს ისტორიული მოვლენაა. რუსეთი კარგავს ბაზრებს, მას ექნება ფინანსური დანაკარგები. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ გაზზე უარის თქმის შესახებ. ევროპული ინიციატივა Repower EU სწორედ იმას ითვალისწინებს, რაც დღეს უკრაინამ გააკეთა". - თქვა გალუშენკომ.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი 2019 წლის ბოლოს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ხდებოდა, დღეს კი ვადა ამოიწურა და უკრაინამ მის გაგრძელებაზე უარი თქვა.