გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში შესვლა აეკრძალა იმ 9 ძირითად პირს, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები.
"დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იმ 9 პირს, რომლებიც ძირითადად არიან პასუხისმგებლები საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის უნივერსალურ უფლებათა შორის ერთ-ერთია - ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ის". - წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნულ 9 პირთა ვინაობა, რომლებსაც გერმანიაში შესვლა აეკრძალათ, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, დღეს, 31 დეკემბერს ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კრიზისი ქართული ოცნების პოლიტიკურმა კურსმა და მისი მხრიდან ევროინტეგრაციის გზას ჩამოშორებამ გამოიწვია.
ანალენა ბერბოკის, ჟან-ნოელ ბაროსა და რადოსლავ შიკორსკის განცხადებაში წერია, რომ 26 ოქომბრის არჩევნები EU-ს კანდიდატისგან მოსალოდნელი სტანდარტის შესაბამისად არ ჩატარებულა. მინისტრების თქმით, ეუთო/ოდირის 26 ოქტომბრის დასკვნამ არჩევნების შესახებ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ეჭვები დაადასტურა.
გარდა ამისა, სამი ქვეყნის განცხადებაში წერია, რომ ვაიმარის სამკუთხედი მომიტინგეებზე ძალადობას გმობს. მინისტრების თქმით, ქართული ოცნების მხრიდან რეპრესიებსა და დემოკრატიულ უკუსვლას გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის მხრიდან ეროვნულ და EU-ს დონეზე მმართველ პარტიასთან ურთიერთობების გაუარესება მოჰყვა.





