2024 წელი ქართველი სპორტსმენებისთვის, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ სპორტებში, წარმატებების წლად შეიძლება შეფასდეს. ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ფეხბურთში, რაც ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში გამოიხატა, ისე მაგალითად, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც, სადაც საქართველომ ასპარეზობა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ფეხბურთი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
26 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ეტაპზე გადავიდა. საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ითამაშა. უკანასკნელი მატჩი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, სადაც საქართველოს ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდა.
პლეი-ოფის ეტაპს საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მარცხის შედეგად გამოეთიშა. მოგვიანებით, ესპანეთი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
2024 წელი ნაყოფიერი იყო საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრებისთვისაც. 20 ნოემბერს ხორვატიის ქალაქ რიეკაში ხორვატიის ნაკრების დამარცხებით, 21-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა - შეხვედრაში ანგარიში, მე-10 წუთზე, ხორვატიამ გახსნა, 28-ე წუთზე კი ლუკა გაგნიძემ შორეული დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მეორე ტაიმის 63-ე წუთზე, ხორვატიელები საქართველოს კარში გატანილი პენალტით კვლავ წინ გავიდნენ, მოგვიანებით კი ანგარიში ნოდარ ლომინაძემ გაათანაბრა. მარინ შოტიჩეკმა, დამატებული დროის მე-2 წუთზე ხორვატია ისევ წინ გაიყვანა და ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში 3:3 დაფიქსირდა.
ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა ორი 11-მეტრიანის მოგერიება შეძლო და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ფინალურ ეტაპზე გავიდა.
UFC
2024 წელი წარმატებული და სამუდამოდ დასამახსოვრებელი იყო UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის. 18 თებერვალს, ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა - მან ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
თოფურიამ ამავე წელს ქამრის დაცვაც მოასწრო, რომლის ფარგლებშიც მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.
2024-ში საქართველოს UFC-ის მეორე ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილიც შეემატა. 15 სექტემბერს დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბი ტიტულის დაცვას 2025 წლის იანვარში, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ შეეცდება.
პარიზის ოლიმპიური თამაშები
ნაყოფიერი იყო საქართველოსთვის პარიზის ოლიმპიური თამაშებიც, სადაც ასპარეზობა ჯამში 7 მედლით - 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დავასრულეთ.
ოქროს მედლები
პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქრო საქართველოს ლაშა ბექაურმა მოუტანა. მან ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს სძლია და 24 წლის ასაკში მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
სადებიუტო ოქროს მედალი მოიპოვა თავისუფალმა სტილით მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილმა. პეტრიაშვილმა ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით - 10:9 დაამარცხა.
რიგით მესამე ოქროს მედლის მომტანი გამოდგა პარიზის ოლიმპიური თამაშები ლაშა ტალახაძესთვის. ტალახაძემ ატაცი მეორე ადგილზე დაასრულა, სადაც 215 კილოგრამი დააფიქსირა. აკვრის ეტაპზე კი, მან 255 კილოგრამი დააფიქსირა, რითაც პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ვერცხლის მედლები
30 ივლისს ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა 24 წლის ტატო გრიგალაშვილი. ქართველი ძიუდოისტი ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.
რიგით მეორე ვერცხლის მედალი საქართველოს 1 აგვისტოს, ილია სულამანიძემ მოუტანა. სულამანიძემ მატჩის უკანასკნელ წუთზე გაფრთხილების გამო წააგო - იგი აზერბაიჯანელ ჩემპიონს, ზელიმ კოცოევს 1:0 ამარცხებდა, მაგრამ დასრულებამდე 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და დამარცხდა.
მესამე და პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის უკანასკნელი ვერცხლის მედალი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა მოუტანა. ფინალში მაჭარაშვილი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ მოჭიდავესთან, ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.
ბრინჯაოს მედალი
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით ერთადერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი მოკრივე ლაშა გურული გახდა. 4 აგვისტოს, გურული კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს შეხვდა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა
პარიზის პარაოლიმპიური თამაშები
რეკორდულად ნაყოფიერი იყო საქართველოსთვის პარიზის პარალიმპიური თამაშები, სადაც ჯამურად 9 მედალი მოვიპოვეთ, მათგან ერთი ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლები.
ოქროს მედალი
პარალიმპიურ თამაშებში პირველი და ერთადერთი ოქროს მფლობელი ბირთვის კვრაში ქართველი პარამძლეოსანი, გიგა ოჩხიკიძე გახდა. მან მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, რადგან ბირთვი 9 მეტრსა და 66 მილიმეტრზე გაისროლა.
ვერცხლის მედლები
პირველი ვერცხლის მედალი კი ქვეყანას ქართველმა პარამსროლელმა, ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოუტანა. ჩემპიონი სერბი დრაგან რისტიჩი გახდა. მან საბოლოოდ 250.2 ქულა დააგროვა, ხოლო ჭინჭარაულის ანგარიშზე 248.2 ქულა იყო.
რიგით მეორე ვერცხლის მფლობელი პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი პარაძიუდოისტი, ზურაბ ზურაბიანი გახდა, რომელიც ფინალში უზბეკ შერზოდ ნამაზოვს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.
ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი პარაძიუდოისტი, გიორგი ქალდანიც. იგი ფინალში იაპონელ სეტოსთან დამარცხდა და იმ დროისთვის, საქართველოს ტურნირზე რიგით მეექვსე მედალი მოუტანა.
2024 წლის პარაოლიმპიური თამაშებისთვის ბოლო ვერცხლის მედალი ქართველმა პარაძიუდოისტმა, რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვა. იგი გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ იბრაჰიმ ბოლუკბაშისთან ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
ბრინჯაოს მედლები
პირველი ბრინჯაოს მედალი ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 29 აგვისტოს პარატაეკვანდოში, ანა ჯაფარიძემ მოუტანა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ქართველი ეტლით მოფარიკავე, ნინო თიბილაშვილიც, რომელმაც ფრანგი მოწინააღმდეგე, ბრიანა ვიდი დაამარცხა.
ყაზახი მეტოქის, აიალა მერეკის დამარცხების შედეგად, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ქართველი პარაძიუოდიუსტი, ანა ქალდანიც.
პარალიმპიური თამაშების ბოლო დღეს კი, პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძემ ბრინჯაოს მედალი კი სამი ცდით მოიპოვა.