5 ივლისის მოვლენები

შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისზე: გვითხრეს, რომ ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული სიტუაცია

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი
TV პირველი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული. 

ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"სადაც გვყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული, იქ არ დაგვაყენებინეს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც უნდა ვყოფილიყავით და გვითხრეს, რომ ანდრია ჯაღმაიძესთან არის შეთანხმებული სიტუაცია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. [შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ბედოიძემ] თქვა პირადად, რომ ჯაღმაიძესთან არის გავლილი თემა. [...] ჩვენმა ქვედანაყოფებმა როცა მოახერხეს მისვლა, ხალხი უკვე ნაცემი იყო, სამწუხაროდ" - ამბობს შაიშმელაშვილი.

პოლიციის პოლკოვნიკმა შაიშმელაშვილმა საქართველო ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის წინ დატოვა. 

მან პატაკი შს მინისტრს 3 დეკემბერს ჩააბარა. 


2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია –ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა.

კომენტარები