5 ივლისის მოვლენები

საია: 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები და მოძალედეები ისევ დაუსჯელნი არიან

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

"ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია" - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული 19 პირის  ინტერესებს იცავს. ამათგან, 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო,  ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.

საია მთელი გასული პერიოდის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა საგამოძიებო უწყებებთან, თუმცა, სამწუხაროდ, გაგზავნილ  განცხადებებსა და საჩივრებზე ჯეროვანი რეაგირება არ მომხდარა, რამაც ცხადყო რომ ეროვნულ დონეზე ადგილი ჰქონდა არაეფექტიან გამოძიებას. გასული 3 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა ყველა სავარაუდო დამნაშავე პირის გამოვლენა.

ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ ხდებოდა დაზარალებულთა/მომჩივანთა უფლებების სათანადო დაცვა, საიამ მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საქმე შეეხება  ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას. ამ დროისათვის საქმეზე დასრულებულია მხარეთა შეპასუხების ეტაპი და მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია. 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც.  მათ შორის, 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე - სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს" - წერია საიას გავრცელებულ განცხადებაში.

2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია –ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა.

კომენტარები