რუსეთსა და უკრაინაში დონალდ ტრამპის მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა, შობის დღეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი ფართობასშტაბიანი იერიში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს იერიში "არასწორია".
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ДТЕК-ის ინფრასტრუქტურაზე 200-ჯერ მიიტანა იერიში. 2024 წელს, ეს რიგით მე-13 რუსული იერიშია უკრაინულ ენერგოკომპანიაზე.
"შობა მშვიდობის დრო უნდა იყოს, თუმცა უკრაინას შობის დღეს სასტიკად დაესხნენ თავს. მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები უფლის შობის დღეს არასწორია". -დაწერა კელოგმა 25 დეკემბერს X-ზე.
კელოგის თქმით, "მსოფლიო ყურადღებით აკვირდება ორივე მხარის მოქმედებებს. ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად უფრო მეტადაა მზად, ვიდრე ოდესმე"
25 დეკემბერს, უკრაინაში ქრისტეს შობის აღნიშვნის დღეს, რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად სერიოზულად დაზიანდა დონბასის ენერგეტიკული კომპანია ДТЕК-ის ინფრასტრუქტურა.
კელოგი წარსულში ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა და ასევე მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის უფროს მრჩევლადაც მუშაობდა.
უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ კელოგის პირველ ვიზიტზე კიევში, თუმცა, უსაფრთხოების მიზეზების გამო, კონკრეტული თარიღი ჯერ ჯერობით ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, ვიზიტი ტრამპის ინაუგურაციამდე შედგება.
შობის დღეს რუსულ იერიშს ასევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
"პუტინმა იერიშისთვის გააზრებულად აარჩია შობა. რა შეიძლება იყოს უფრო არაადამიანური? 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის, ბალისტიკური და 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი. სამიზნე – ჩვენი ენერგეტიკა. ისინი აგრძელებენ უკრაინის ჩაბნელებისთვის ბრძოლას". - თქვა მან.
25 დეკემბრის თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. მან დაგმო რუსეთის ფართომასშტაბური იერიში, რომელმაც მნიშვნელოვანი ენერგოსისტემა დააზიანა. ბაიდენმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდილ მიწოდებას გააგრძელებს.





