წყალქვეშა კაბელების დაზიანება ბალტიის ზღვაში

ბალტიის ზღვაში მორიგი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი დაზიანდა

Image: Nick-D

ფინეთის პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ბალტიის ზღვაში ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროსადენი დაზიანდა. 

ფინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერაციების ხელმძღვანელის ცნობით, EstLink 2 კაბელზე, რომელიც ფინეთიდან ესტონეთში ელექტროენერგიას აწვდიდა, დენის მიწოდება 25 დეკემბერს  ადგილობრივი დროით 12:26 საათზე შეწყდა.

ფინეთის პრემიერმინისტრმა პეტერი ორპომ აღნიშნა, რომ კაბელის დაზიანებას ქვეყნის ელექტროენერგიის მიწოდებაზე გავლენა არ მოუხდენია. "ხელისუფლება შობის დღეებშიც ყურადღებით აკვირდება ვითარებას და მიმდინარეობს შემთხვევის გამოძიება“ დაწერა პრემიერმინისტრმა პლატფორმა X-ზე.

ამასთანავე, ფინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერაციების ხელმძღვანელმა არტო პაჰკინმა საზოგადოებრივ მაუწყებელ Yle-ს განუცხადა, რომ დივერსიის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

გასულ თვეში ბალტიის ზღვაში ასევე დაზიანდა ორი ტელეკომუნიკაციის კაბელი. მაშინ ეჭვები ჩინურმა ხომალდმა Yi Peng 3-მა გამოიწვია, რომელიც რუსული პორტიდან ეგვიპტის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ორივე დაზიანებულ წყალქვეშა კაბელთან ახლოს გაცურა. დაზვერვის ღია წყაროების ექსპერტების ცნობით, მომხდარის შემდეგ სატვირთო გემს დანიის საზღვაო ძალები აედევნა.

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, შვედეთი იძიებს ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში Yi Peng 3-ის შესაძლო ბრალეულობას.

ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ინციდენტების უმეტესობა, სავარაუდოდ, უკავშირდება რუსეთის დივერსიულ საქმიანობას. კრემლმა ბრალდებებს  "სასაცილო" უწოდა. ცნობისთვის, ბალტიის ზღვის რეგიონში დაძაბულობა 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა.

Arelion-ის კაბელი, რომელიც შვედეთის კუნძულ გოტლანდს ლიტვასთან აკავშირებს, 17 ნოემბრის დილით დაზიანდა, ხოლო C-Lion 1-ის კაბელი, რომელიც ჰელსინკსა და გერმანიის პორტ როსტოკს აკავშირებს, 18 ნოემბერს შვედეთის კუნძულ ოლანდის სამხრეთით დაზიანდა.

 

კომენტარები