საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, აშშ-ს მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისთვის დაწესებული სახაზინო სანქციები "ზოგადად ქვეყნის რეპუტაციის შემლახველია და სამწუხარო ფაქტია".
"აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები ჩემს შეფასებებში და არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სანქციები, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული არ არის დამაზიანებელი, მათ შორის, ეკონომიკური პროცესებისთვის, რადგან ეს ზოგადად ქვეყნის რეპუტაციის შემლახველია და სამწუხარო ფაქტია ნამდვილად.
თუმცა, მე არა თუ იმედი მაქვს, ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ მე დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ, იგივე აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა, ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი სხვა ქვეყნებისთვისაც და აქედან გამომდინარე, ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესება მოხდება ამ კუთხით". - თქვა დავითაშვილმა BMG-ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილეს, მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაუწესა.
"მაგნიტსკის სიით" გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.
19 დეკემბერს ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და ხარაზიშვილის მოადგილე მილერი ლაგაზაური დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა.