დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კით სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის მიერ უკრაინელი სამხედროების წვრთნის პროგრამის "გაუმჯობესების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ".
ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სატელეფონო საუბრის დროს ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მომდევნო კვირებსა და თვეებში მომხდარი მოვლენები ევროპისთვისა და NATO-სთვის მნიშვნელოვანია და უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ამბიციები წარუმატებელი აღმოჩნდეს.
მანამდე, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ უკრაინაში ვიზიტისას The Times-თან საუბრისას მიუთითა, რომ შესაძლოა სამხედროები უკრაინაში წვრთნების ჩასატარებლად გაგზავნონ.
ჟურნალისტებთან საუბრისას სტარმერმა თქვა, რომ დიდმა ბრიტანეთმა "წვრთნები უკრაინელების საჭიროებებს უკეთესად უნდა მოარგოს". მისივე თქმით, "უკრაინელებისთვის წვდომა" უნდა გაამარტივონ და "მეტი მოხალისის მოტივირებისთვისა და მობილიზებისთვის უკრაინელებთან" უნდა იმუშავონ.
კითხვის საპასუხოდ, მოიცავს ეს თუ არა უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების გაგზავნას, ჰეილიმ თქვა, რომ "განიხილავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ უკრაინელების სურვილების საპასუხოდ".
ოპერაცია Interflex-ის ფორმატში დიდი ბრიტანეთი უკრაინელ ჯარისკაცებს 2022 წლიდან ამზადებს. ოპერაციის ფარგლებში დღემდე დაახლოებით 51 000 უკრაინელი ჯარისკაცმა გაიარა წვრთნა. დასავლეთ უკრაინაში დღემდე განთავსებულები არიან ბრიტანელი სამხედრო ექიმები, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობენ.
ომამდე დიდი ბრიტანელი ჯარისკაცები უკრაინელ სამხედროებს დასავლეთ უკრაინაში მდებარე საწვრთნელ ბაზებში ამზადებდნენ, რომლებიც ფრონტის ხაზებისგან შორია. თუმცა, რუსეთს წარსულში მათზე რაკეტებით იერიში მიუტანია. გამოცემა The Times-ის ცნობით, დასავლელ თანამდებობის პირებს კი გამოუთქვამთ ეჭვი, რომ შესაძლოა უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცები "სამიზნეებად" იქცნენ.





